ვატიკანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. პეტრეს ტაძარი. ვატიკანი

ვატიკანი - (Vaticano - სახელმწიფო ვატიკანი), სახელმწიფო იტალიის დედაქალაქ რომის დასავლეთ ნაწილში, რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ცენტრი, მისი მეთაურის, რომის პაპის, რეზიდენცია.

ფართობი - 0,44 კმ2.

მოსახლეობა - 830 კაცი (2012).

ოფიციალური ენები – ლათინური და იტალიური.

ვატიკანის წყობა აბსოლუტური თეოკრატიული მონარქიაა.

სახელმწიფოს მეთაურია რომის პაპი. მას ირჩევს სიცოცხლის ბოლომდე კარდინალების კოლეგია (კონკლავი), რომელსაც აქვს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი უფლებამოსილება.

ვატიკანის და კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ მოღვაწეობას ახორციელებს რომის კურია (ვატიკანის მთავრობა).

ვატიკანი სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა 1929 წლის ლატერანის ხელშეკრულებებით. წმიდა პეტრეს ბაზილიკის გარშემო მდებარე სასახლეთა და ბაღების კომპლექსი მოქცეულია ლეონურ გალავანში (პაპ ლეონ IV-ს, 847-855, სახელის მიხედვით). ექსტრატერიტორიულობის უფლება ვრცელდება სხვა ნაგებობებზეც: ლატერანის სასახლესა და ბაზილიკაზე, წმიდა მარიამ უდიდესისა და წმიდა პავლეს გალავანს მიღმა ბაზილიკებზე, სასახლეებზე, სადაც განთავსებულია სარწმუნოების გავრცელებისა და სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაციები, სამოციქულო დათარიღების დაწესებულება, კანცელარია, სავიკარიუსო, გაბრიელის ვილა ჯიანიკოლოზე, კასტელ განდოლფოს სასახლე მიმდებარე ჩიბოს სასახლითა და ბარბერინის ვილის ჩათვლით.

დროშა

სახელმწიფო გერბზე წითელი ფერის ფარზე პაპის სიმბოლოებია (მიტრა და კლიტენი) გამოსახული.

ვატიკანის დროშა ყვითელი და თეთრი ფერისაა, თეთრ ფონზე მოთავსებული პაპის სიმბოლოთი.

გერბი

ვატიკანის სახელმწიფოში მიმოქცევაში ევრო. პოლიციის ფუნქციებს შვეიცარიული გვარდია ასრულებს. ვატიკანი ფლობს საფოსტო სამსახურს, აქ იბეჭდება საფოსტო მარკები, მოქმედებს სტამბა, რადიოსადგური და ასტრონომიული ობსერვატორია.

დამთვალიერებელთათვის ღიაა ვატიკანის მუზეუმები, ბიბლიოთეკა და საიდუმლო არქივი. წმიდა საყდარს – ვატიკანის ტერიტორიისაგან დამოუკიდებელ საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, მრავალ ქვეყანაში ჰყავს მივლინებული ლეგატები და დესპანები, ხოლო ვატიკანში აკრედიტებული დაახლოებით ასზე მეტი ქვეყნის დიპლომატია.

ვატიკანი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კაპიტალდამბანდებელი და აქციების მფლობელი სახელმწიფოა. ვატიკანის დაცვის ვალდებულება აღებული აქვს იტალიას. შვეიცარიელთა გვარდია იცავს პაპისა და ვატიკანის შესასვლელს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები