ვაცამონგა
ვაცამონგა / ნართამონგა (ოს. Уацамонгæ / нартамонгæ – „ღვთაებრივი [ჯადისნური] მიმანიშნებელი“) – ნართული ეპოსის მიხედვით, ნართების გიგანტური ზომის ოთხყურიანი სასწაულებრივი თასი, საიდანაც ნართები რონგს (თაფლუჭს) და ლუდს სვამენ (რამდენიც არ უნდა დაელიათ, იგი მუდამ სავსე იყო) და რომლის კიდეებზე ცეკვავენ კიდეც. ვაცამონგა ინახება ალაგათების გვარში, რომლებსაც იგი ცნობილი ნართული ნადიმების (ქუვდების) დროს ნართებს შორის უპირველესი გმირის გამოვლენის მიზნით ჩასატარებელი რიტუალისთვის გამოაქვთ. იმ გმირის ბაგემდე, რომელმაც ყველაზე დიდი გმირობა ჩაიდინა და ამის თაობაზე სიმართლით ამცნო თანამეინახეებს, თასი თავად აიწეოდა. თავისი ფუნქციით ნართამონგა ახლო დგას სკვითების „გმირთა თასთან“.
ჰეროდოტეს ცნობით, ყოველი სკვითური ოლქის მმართველის მიერ წელიწადში ერთხელ სპეციალურად შეკვეთილი თასიდან „სვამდნენ მხოლოდ ისინი, რომლებმაც მტრები დახოცეს“, ე. ი. თავი ისახელეს.
ოსური ვაცამონგას მსგავსია აფხაზური ნართული ეპოსის უაძამაქჲათი – უზარმაზარი ჯადოსნური ქვევრი, რომელშიც ღვინო უპირველესი გმირის გამოვლენის მომენტში დუღილს იწყებდა.
ლიტერატურა
- Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948;
- Дюмезиль Ж. Осетинский эпос и мифология. М., 19076;
- Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. IV. Л., 1989;
- Макеев Д. Уасамонга // Дарьял. № 5. Владикавказ, 2006;
- Сатцаев Э. Б. Нартовский эпос и иранская поэма «Шахнаме» (Схожие сюжетные мотивы). Владикавказ, 2008;
- Чибиров Л. Скифский мир и нартовский эпос // Дарьял. № 1. 2012.