ვეკუა გიორგი
გიორგი ვეკუა – (1925–2012) – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1979), საქართველოს ფილოსოფიურ და სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი (1995), დაიბადა სოფელ ქვემო ბარღებში (გალის რაიონი), მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1943-1945), დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1951). ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა (1954). მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგედ (1962-1994), იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პროფესორი.
გ· ვეკუას მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებაა მეცნიერების ფილოსოფიის, კერძოდ, მედიცინის ფილოსოფიური პრობლემები. მან გამოიკვლია ბიოლოგიურისა და სოციალურის თანაფარდობის პრობლემა მედიცინაში, გამოააშკარავა მცდარობა გაბატონებული შეხედულებისა ავადმყოფობის სოციალურობის შესახებ, აჩვენა, რომ დაავადების არსება ბიოლოგიურ კანონზომიერებას ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, რომ იგი სოციალურ არსებას (ადამიანს) ეკუთენის.
მეორე პრობლემა, რომელიც გ. ვეკუამ დაამუშავა, არის მიზეზობრიობის პრობლემა ფილოსოფიასა და მედიცინაში (მიზეზის ცნების ახლებური განსაზღვრება, დაავადებათა მიზეზისა და პირობების, საერთო და განმასხვავებელი ნიშნების დადგენა, დაავადებათა პოლიეტიოლოგიურობის თეორიის უარყოფა და სხვა).
მესამე პრობლემა, რომელიც გ. ვეკუამ დაამუშავა, არის საკითხი საძიებო აქტივობის მნიშვნელობა ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვაში.
თხზულებები
- „თანამედროვე მედიცინის ფილოსოფიური პრობლემები“ (თბილისი, 1972);
- „სტრესი და ჯანმრთელობა“ (თბილისი, 1975;
- „მიზეზობრიობის პრობლემა ფილოსოფიასა და მედიცინაში" (თბილისი, 1977);
- „მედიცინის ფილოსოფია" (თბილისი, 1997);
- „ბიოეთიკა“ (თანაავტორი, თბილისი, 2000).