ველეიუს პატერკულუსი
ველეიუს პატერკულუსი – ლათ. Velleius Paterculus, რომაელი ისტორიკოსი.
ველეიუს პატერკულუსმა თავისი ცხოვრება საგანგებოდ დაწერილ თხზულებაში აგვიწერა, მაგრამ მიუხედავად ამისა ზუსტად არ არის ცნობილი დაბადებისა და სიკვდილის წელი. იგი დაბადებული უნდა იყოს დაახლოებით ძვ. წ. 20 წელს. მისი პაპა და მამა სამხედრო პირები იყვნენ და, როგორც ჩანს, საშუალო რიგის თანამდებობები ეკავათ. იგი თვითონაც სამხედრო პირი იყო. ერთხანს ასრულებდა სამხედრო ტრიბუნის მოვალეობას. ახ. წ. 1 წელს თან ახლდა.ავგუსტუსის შვილიშვილ გაიუსს იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში. ამ მოგზაურობის დროს ველეიუს პატერკულუსი გაეცნო ამ ქვეყნების კულტურასა და ხალხის ცხოვრებას. შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში იგი მსახურობდა არმიაში და მეთაურობდა ცხენოსანთა ლაშქარს, ტიბერიუსის დროს მონაწილეობდა ლაშქრობაში გერმანიასა და პანონიაში, სადაც მისი სიტყვით, იგი იყო „მოწმე ღვთაებრივი საქმიანობისა და დამხმარე, რამდენადაც მას ეს შეეძლო საკუთარი არარაობის გამო“.
ახ. წ. 6 წელს პატერკულუსი დაბრუნდა რომში და არჩეულ იქნა ქვესტორად, ამ თანამდებობის დაკავებამდე მან ჩაუყვანა ტიბერიუსს ჯარი პანონიაში, სადაც იმ დროისათვის იფეთქა აჯანყებამ. 7 წელს ველეიუსი, რომელიც უკვე ქვესტორის თანამდებობაზე იყო, არ წავიდა პროვინციაში და გაგზავნილ იქნა ლეგატად ტიბერიუსთან. მისი ძმაც ტიბერიუსის ლეგატი იყო, რომელმაც თავი გამოიჩინა დალმაციის ომში ახ. წ. 9 წელს, ორივე ძმა მონაწილეობდა ტიბერიუსის ტრიუმფში 13 წელს, ხოლო 15 წელს ორივემ მიიღო პრეტორის თანამდებობა.
მეტად იგი აღარ იხსენიებს თავის თავს საკუთარ თხზულებაში.
თითქმის 50 წლის ასაკში ველეიუს პატერკულუსი იწყებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და 2 წიგნად წერს ისტორიული ხასიათის თხზულებას, რომელშიც რომის ისტორია გადმოცემულია ზოგადად ტროას ომიდან ახ. წ. I საუკუნის 30-იან წლებამდე. ჩვენამდე მოღწეულ ამ ნაშრომს ეწოდება „რომის ისტორია“. ველეიუს პატერკულუსს ეს თხზულება დაუწერია ახ. წ. 29 წელს საგანგებო შემთხვევის გამო. ამ წელს წელს მარშს მარკუს ვინიციუსი იქნა არჩეული კონსულად 30 წლისათვის და ავტორმა სწორედ მას მიუძღვნა თავისი თხზულება. საფიქრებელია, რომ ველეიუსმა ეს თხზულებაა დაწერა 29 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში. იგი თავად წერს, რომ ძალიან ჩქარობდა. თხზულების დასაწყისი და, ამასთან ერთად, მიძღვნა ვინიციუსისადმი დაკარგულია. თხზულება იწყება ტროას დანგრევითა და ბერძნების დაბრუნებით ლაშქრობიდან. შემონახულ პირველ ფრაგმენტში ლაპარაკია იმაზე, რომ ნესტორის თანამგზავრი (ეპეუსი) ქარიშხალმა ჩამოაცილა თავის ბელადს, რომელმაც შემდეგ დააარსა ქალაქი მეტაპონტოსი. თხზულების პირველი წიგნი მთავრდება თხრობით კართაგენისა და კორინთოს დანგრევის შესახებ . ეს წიგნი ხარვეზიანია, აკლია რამოდენიმე გვერდი. მეორე წიგნში თხრობა მიყვანილია ვინიციუსის კონსულობის დრომდე (ახ. წ. 30 წლამდე). მასში არის მცირე ხარვეზები და მთავრდება ვედრებით იუპიტერისა და მარსის მიმართ, რათა მათ შეუნარჩუნონ რომაელებს სახელმწიფო და მმართველობის წესები.
„ველეიუსის მთავარი თავისებურება მის ისტორიულ მეთოდშია. იგი არ მისდევს რომაული ისტორიოგრაფიისათვის ჩვეულებრივ ანალისტურ ან პროგრამისტულ მიმდინარეობას, არ იცავს ქრონოლოგიას. ამის გარდა, ველეიუსი თავის თხზულებაში, მცირედი გამონაკლისის გარდა, არ უკავშირებს მომდევნო ამბებს წინამორბედს. ამიტომ მისი მეთოდი არც ანალისტურია და არც პრაგმატისტული. ავტორის ყურადღება კონცენტრირებულია პიროვნებაზე, იგი იძლევა ცალკეულ პირთა დახასიათებას. ხანდახან იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს იგი აღწერს ფაქტებს მხოლოდ და მხოლოდ ამა თუ იმ პიროვნების დასახასიათებლად. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს იულიუს ცეზარის, ავგუსტუსისა და ტიბერიუსის სახის გამოკვეთას.