ვენერა მილოსელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვენერა მილოსელი

ვენერა (აფროდიტე) მილოსელიელინისტური პერიოდია მარმარილოს ქანდაკება, შეიქმნა ძვ.წ. II ს-ში, (დაახლოებით 120 წ.). ქანდაკება ნაპოვნია კუნძულ მელოსზე. წარწერის მიხედვით, ცნობილია, რომ ის ბერძენი მოქანდაკის აგესანდრეს (ან ალექსანდრეს) მიერაა შექმნილი. ფიგურამ დაზიანებულმა მოაღწია ჩვენამდე, მას ამჟამად არა აქვს ხელები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აფროდიტეს ცალ ხელში ვაშლი - კუნძულ მელოსის სიმბოლო – ეკავა, მეორეთი კი დაბლა დაცურებულ ქსოვილს იჭერდა.

ვენერა მილოსელი უკანა ხედი

ელინისტური ხანის არც ერთი ქანდაკება არ არის ისე ახლოს ბერძნულ კლასიკასთან, თანაც მაღალ კლასიკასთან, როგორც აფროდიტეს ეს ქანდაკება. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, ქალღმერთის ტიპურ კლასიკურ სილამაზეში, ასევე მთლიანი მხატვრული სახის ელინიზმისათვის უჩვეულო სიმშვიდესა და ჰარმონიულობაში, ამაღლებულობასა და განზოგადებულობაში ვლინდება. თუმცა, იგი იმგვარი სიმძლავრითა და მონუმენტურობით გამოირჩევა, რომელიც მხოლოდ ელინიზმის ხანას ახასიათებს და უცხოა კლასიკისათვის. ამგვარად, აფროდიტ მილოსელის შემთხვევაშიც კლასიკისა და ელინიზმის ნიშნების თანაარსებობას ვხვდებით და თუ აქ კლასიკის ნიშნები მძლავრობს, ეს არცაა გასაკვირი, რადგან ბუნებრივია, რომ საბერძნეთში კლასიკის ტრადიცია ყველაზე ძლიერი იყო.

ქალღმერთი ნახევრად შიშველია, მის ქვედა ნაწილს მძიმე, დანაოჭებული ქსოვილი ფარავს, რის გამოც ფიგურას ქვემოთ მყარი და მასიური საყრდენი ექმნება, ეს კი ერთგვარი მონუმენტურობის განცდას ბადებს. შიშველი სხეულისა და მძიმე ქსოვილის კონტრასტით ამ ფიგურაში ერთმანეთს ერწყმის სინაზე და ძალა, მოხდენილობა და მასიურობა, გრძნობიერება და სიმტკიცე. ფიგურა მშვიდად დგას, მაგრამ მოძრაობა, ამის მიუხედავად, მაინც რთულია. იგი თითქოს საკუთარი ღერძის გარშემო სპირალურადაა დატრიალებული და მნახველსაც მის გარშემო ბრუნვას აიძულებს, როგორც ეს გვიანი კლასიკისათვის იყო დამახასიათებელი. გარშემოვლისას კი იგი ხან მოქნილი და მოძრავი გვეჩვენება, ხან კი თავშეკავებული და მედიდურად მშვიდი. ეს წინააღმდეგობრიობა კი ელინიზმის ნიშანია.

საოცარი ოსტატობითაა გადმოცემული შიშველი სხეულის ფაქტურა. ერთი ფორმიდან მეორეზე ურბილესი და უნაზესი გადასვლები, მსუბუქი, თითქმის შეუმჩნეველი შუქ-ჩრდილის თამაში ცოცხალი სხეულის, მსუნთქავი ორგანიზმის სრულ შთაბეჭდილებას ქმნის, რასაც პაროსის მარმარილოს ბუნებრივი მოყვითალო ტონი კიდევ უფრო აძლიერებს, თუმცა, როგორც ზემოთ უკვე შევნიშნეთ, არის მასში რაღაც ტიტანურიც, რომელსაც, ამავე დროს, ორგანულად ერწყმის სიმშვიდე და პოეტურობა, ნათელი ჰარმონია და შინაგანი გარინდებულობა. ამგვარი განწყობილება არ იყო ტიპური ელინიზმისათვის, მისთვის უფრო დრამატული და ტრაგიკული მომენტების ასახვა იყო დამახასიათებელი.



წყარო

ხელოვნებია ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები