ვერე (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარე ვერე

ვერემდინარე აღმძოსავლეთ საქართველოში. მდინარე ვერე სათავეს იღებს თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე სოფ. ნაოსარის ჩრდილო-დასავლეთით 1,5 კმ-ში 1795 მეტრის სიმაღლეზე და ერთვის მდ. მტკვარს მარჯვენა მხრიდან ქ. თბილისის ტერიტორიაზე.

მდინარის სიგრძე 38 კმ, საერთო ვარდნა 1405 მ. მდინარე საზრდოობს თოვლის, წვიმის და გრუნტის წყლებით. მისი წყლიანობის რეჟიმი ხასიათდება გაზაფხულის წყალდიდობით, ზაფხულ-შემოდგომას წყალმოვარდნებით და ზამთრის მდგრადი წყალმცირობით. ზაფხულის პერიოდში მოსული ინტენსიური წვიმების დროს, მდინარეზე რამდენჯერმე დაფიქსირდა კატასტროფიული წყალმოვარდნები. ასე მაგალითად, 1960 წლის 5 ივლისს მდინარეზე გავლილმა მაქსიმალურმა ხარჯმა დაანგრია ქ. თბილისის ზოოპარკი და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა ქალაქს. 2015 წლის 13 ივნისს გავლილმა მაქსიმალურმა ხარჯმა, რაც დაახლოებით 1000 წლიანი განმეორებადობის მაქსიმალურ ხარჯს გაუტოლდა, გამოიწვია მნიშვნელოვანი მსხვერპლი, დაიღუპა 23 ადამიანი.

ცნობებს მდინარე ვერეს შესახებ ვხვდებით ვახუშტი ბატონიშვილთან. მისი თქმით ვერეს ძველ სახელწოდება სკვირეთი ყოფილა: „ხოლო კოჟრის ჩდილოთ კერძ არს სკვირეთის მდინარე, აწ წოდებული ვერე“.

სახელწოდება

სახელწოდება ვერე ძველ საქართველოში რამდენიმე ობიექტს ერქვა. ვერა, ვერისხევი ცნობილი ყოფილა ცენტრალურ ქართლშიც, რასაც ვახუშტის „აღწერაშიც“ ვხვდებით: „კვლავ ატენის-წყალს მიერთვის აღმოსავლიდამ ვერის-ჴევი… ვერის დაბის დასავლით, დანახვისის მთის ძირს არს მონასტერი კეთილშვენიერი ყოვლად წმიდისა“ პლატონ იოსელიანი კი ვერეს, აღნიშნულთა გარდა, „სკვირეთშიც“ ასახელებდა: „ვერე საქართველოში კიდევ ორგან გვხვდება, ატენის ახლოს, ქართლის ხეობაში და სკვირეთშიო“. აქვე მკვლევარი შენიშნავს იმასაც, რომ სახელწოდება ვერემ, რომელიც ივერიას მოგვაგონებს, ბევრი მცდარ დასკვნამდე მიიყვანაო.

ტოპონიმ ვერეს ახსნა პირველად თეიმურაზ ბატონიშვილს უცდია, თუმცა უშედეგოდ. საქმე ისაა, რომ მან ეს სახელწოდება უკუთქმით „ვერა“ ნაწილაკს დაუკავშირა: „ვერა უკუთქმითი ქართული სახელი არს“.

ანეკდოტურია კ. ჰანის მიერ გამოთქმული ვარაუდი, სახელი ვერე სომხურ ვერ- სიტყვას უკავშირდება, რაც ზემო-ს ნიშნავსო. როგორც ჩანს, ვერე მას ესმოდა (ან სურდა გაეგო) როგორც „თბილისის ზემოთ, ჩრდილოეთით მდებარე რაიონი“. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ტოპონიმი ვერე||ვერისა-ჴევი თბილისის შემოგარენში და ახლ. XIII საუკუნიდან მოიხსენიება, მაშინ კ. ჰანის ზემოაღნიშნული მოსაზრება თავისთავად კარგავს დამაჯერებლობას.

კ. ჰანი თითქოს არ კმაყოფილდება პირველი ვერსიით და მოჰყავს მეორე, არანაკლებ ანეკდოტური ვარაუდი, თითქოს მდინარე ვერე ნიშნავდეს „მე შევერიე მტკვარს“.“ უნებურად გვაგონდება ვახუშტისეული მოსაზრება მდ. მაშავერის შესახებ: „მა, შავერიე ქციას“.

ვერე, შესაძლებელია, წარმოშობით მერე სიტყვის ბგერინაცვალი ფორმა იყოს. იგი ხშირად მონაწილეობდა ძველი ქართული ტოპონიმების წარმოქმნაში. მდინარე ვერეს ჩვენეული ეტიმოლოგია საბოლოო არ არის, დამატებით კვლევას მოითხოვს.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები