ვესტფალი ერიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვესტფალი ერიკ - (ფრ. WESTPHAL ERICK). XX საუკუნის ფრანგი მწერალი, ჟურნალისტი და ეკონომისტი.

ბიოგრაფიაი

ერიკ ვესტფალი დაიბადა 1929 წლის 1 ნოემბერს მონპელიეში. იგი იყო პასტორის ვაჟი პროტესტანტული ოჯახიდან, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში ჰამბურგიდან საფრანგეთში გადასახლდა. ფილოსოფიური განათლება სევენის კოლეჯში მიიღო. 1952 წელს პარიზში ესწრებოდა თეატრალურ კურსებს. 1953 წლიდან დაიწყო ჟურნალისტობა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა. ხანგრძლივად ცხოვრობდა ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და ალჟირში.

1967 წელს დაწერა რომანი „დემონსტრაცია“ (1968 წელს მიიღო პოლ ვაიან-კუტურიეს პრემია) რასობრივ მღელვარებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მუშაობს საფრანგეთის კულტურის სამინისტროში, პარალელურად მოღვაწეობს რადიოში, როგორც დრამატურგი და რეჟისორი. იგი ავტორია რადიოპიესებისა:

  • „გენუელი კურტიზანი ქალი“ („La Courtisane de Genes“, დაიდგა 1968 წ.),
  • „იუპიტერი, ანუ კულტურული აქსიომა“ („Jupiter ou l’Axiome culturel“, დაიდგა 1974 წ.),
  • „თეთრი კენჭი“ („Le Caillou blanc“, დაიდგა 1977 წ.),
  • „უკან მოხედვა“ („Le Regard en arrière“, დაიდგა 1982 წ.) და სხვ

ვესტფალის მიერ თეატრისთვის დაწერილი პირველი პიესაა „შენ და შენი ღრუბლები“ („Toi et tes nuages“, დაიდგა და გამოქვეყნდა 1971 წელს, მიიღო პრემია იუ, საუკეთესო დაუფასებელი პიესისათვის), რომელიც გარკვეულწილად მოგვაგონებს ედგარ პოს მოთხრობებსა და თანამედროვე შავ დეტექტივებს. ეს პიესა მოგვიანებით ითარგმნა თხუთმეტ ენაზე და დაიდგა მსოფლიოს მრავალ სცენაზე.

ვესტფალი, როგორც წესი, წერს მოკლე პიესებს, პერსონაჟთა მცირე რიცხვით, რომელიც აღძრავს თანამედროვეობის მწვავე პრობლემებს: ეკოლოგიური კრიზისის საშიშროებასა და საზოგადოების ზნეობრივ დაცემას (პირქუში ანტიუტოპია „Pollufission 2000“, დაიდგა 1971 წელს, რადიოში - 1973, გამოქვეყნდა 1974), ასოციალურობასა და საშუალო ადამიანის სულიერ დეგრადაციას („ბაქტერიათა ბლიუზი“ – „Bacteries blues“, დაიდგა 1973, გამოქვეყნებულია 1974), ადამიანთა სიმარტოვეს გარესამყაროში („გემების დაღუპვა“ – „Le Naufrage“, დაიდგა 1977, გამოქვეყნებულია 1978). მისი მრავალი გმირი ცდილობს გაწყვიტოს კავშირი წარსულთან, მაგრამ მათ მომავალი არ აქვთ. ისინი ან უაზროდ იღუპებიან, როგორც ექიმი, რომელიც თავს ანებებს პრაქტიკას, მიემგზავრება სოფელში და ფუტკრებს აშენებს („თაფლის სუნი“ – „Un Parfum de miel“, დაიდგა და გამოქვეყნდა 1982 წ.), ან ბრუნდება საკუთარ წრეში, როგორც კონსულტანტ-ფსიქოლოგი და პაციენტი, რომლებმაც გაცვალეს როლები („სიყვარულის მიზეზი“ – „Raison d’amour“, დაიდგა რადიოში 1982, თეატრში - 1984, გამოქვეყნდა 1984).

თავისი სტილისტიკით ვესტფალის პიესები ახლოსაა კომედიებთან, მაგრამ დრამატურგი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას არჩეული სიტუაციის აბსურდამდე განვითარებაზე და მაყურებელს აიძულებს მოვლენათა სიმბოლური აზრი აღიქვას განზოგადებულად. ბგერათა ქაოტური კაკაფონიითა და ორკესტრანტთა ლანძღვით იბადება მუსიკალური ჰარმონია და ადამიანური ურთიერთობები („თქვენი მოცარტი“ – „Votre Mozart“, გამოქვეყნდა 1972, დაიდგა 1975), ფემინისტ-კონსიერჟების უადგილო და საშიში საუბარი, მაშინ როდესაც გვერდით ახალგაზრდა გოგონა თავს იკლავს („გადალაპარაკებანი გრენელის ხიდზე“ – „Armistrice au pont Grenelle“, დაიდგა 1976, გამოქვეყნდა 1983), თანამედროვე დასავლური საზოგადოების თვალთმაქცობასა და ფარისევლობას დასცინის ერთაქტიან პიესაში „საბოლოო ანგარიში“ („Pour solde de tout compte“, გამოქვეყნდა 1985), რომელშიც გამწარებული მოსამსახურე, რომელმაც სამუშაო დაკარგა, სამაგიეროს უხდის თავის უფროსს.

ვესტფალმა 1983 წელს მიიღო კურტელენის პრემია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები