ვეშაპთმებრძოლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეშაპთმებრძოლობა – საერთაშორისო ფოლკლორული სიუჟეტი, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს ხალხების ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში. გველ-ვეშაპებს ებრძვიან როგორც სასულიერო, ისე საერო გმირები: ძველქართულ მწერლობაში – ძლევამოსილი მხედარი გიორგი კაპადოკიელი, თედორე სტრატელატი, დავით გარეჯელი; ფოლკლორშიამირანი, ბადრი, უსიპი და სხვა ზღაპრული პერსონაჟები.

ტერმინი – „გველეშაპი“ მე-13 საუკუნეზე ადრინდელ ძეგლებში არ გვხვდება. უფრო ძველად იმავე მნიშვნელობით „დიდი გუელი“ ან „ვეშაპი“ იხმარებოდა. ამ აუკანასკნელმა, ბიბლიის მიხედვით, იონა შთანთქა. ვეშაპი სინათლის მტერია, არ ინდობს ადამიანებს და სასმელ წყალს ეუფლება.

ქართულ ზღაპრებში, თქმულებებსა და ლეგენდებში ვეშაპთმებრძოლობა მრავალფეროვნადაა დამუშავებული. სახელოვანი ჭაბუკები საშინელ გველეშაპებს სპობენ. ამით ათავისუფლებენ მზეთუნახავებსა და მიტაცებულ წყალს. როგორც საბა ამბობს, ზოგან გველეშაპი დევით შეუცვლიათ. სიუჟეტურ ფუნქციაში ეს ორი მითიური არსება ერთმანეთს ხშირად ენაცვლება. ვეშაპთმებრძოლობა ყოველთვის ადამიანთა საკეთილდღეოდ ზრუნვას ნიშნავს, ასეთი საგმირო საქმის მოქმედი ან ღვთაებაა, ანდა დიდათ მამაცი რეალური პიროვნება, არაიშვიათად ბედნიერი უმცროსი ძმა.

გენეზისის თვალსაზრისით, სიუჟეტს საფუძვლად უდევს წყლის ღვთაების კულტი. ზოგან მოწიფულ ქალს მდინარეზე „აქორწინებდნენ“, მსხვერპლად სწირავდენ წყლის ღვთაებას. სამსხვერპლოდ განწირულისათვის სიბრალულის გრძნობის წარმოშობის ნიადაგზე რეალური მსხვერპლი სიმბოლიურით (თოჯინით) შეიცვალა. მოგვიანებით ურჩხულისმძლეველთა საგმირო-რომანტიკული სიუჟეტი რელიგიური თვალსაზრისითაც გადამუშავდა (ჩინეთში –– ბუდიზმი, საბერძნეთში –– ქრისტიანობა) ქართული საერო მწერლობის ვეშაპთმებრძოლ გმირებს პროტოტიპები ეროვნულ სიტყვიერებაში მოეპოვებათ.

მ. ჩიქოვანი

ლიტერატურა

  • კ. კეკელიძე, წმიდა მხედარი. ეტიუედები, 1, 1945;
  • მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. სიტყე. ისტ., 1956, გე. 360-97.


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები