ვიდეო არტისტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიდეო არტისტები– XX საუკუნის ბოლო ათწლეულებში, პორტატული ვიდეო კამერების სწრაფმა განვითარებამ და ფართო გავრცელებამ ხელოვანთათვის ახალი მედიუმი გააჩინა. ვიდეო არტისტებმა უარყვეს ტრადიციული ფორმები და მნიშვნელობები და გამიზნულად შეუდგნენ ისეთი ხელოვნების შექმნას, რომელიც არ იყო ძვირი. ისინი ხშირად იყენებდნენ ვიდეო გამოსახულებას, რათა წარმოეჩინათ ტელევიზიის ადგილი და მისი ყოვლისმომცველი როლი ჩვენს კულტურაში. ციფრული და ვიზუალური გამოსახულების წყალობით, დღეს ვიდეო არტი კიდევ უფრო ფართოდაა გავრცელებული. თანამედროვე ვიდეო ხელოვნების დიდი ნაწილი ფაქტობრივად, ციფრულად არის წარმოებული, ფართო ეკრანებზე (ან ნებისმიერ ზედაპირზე) ვიდეო და DVD გამოსახულების პროეცირებაში შეტანილმა ინოვაციებმა კი შეცვალა ვიდეო არტის ჩვე¬ნების ადგილი და ხერხი და გარკვეულწილად, მისი თემატიკაც.

ნამ ჯუნ პაიკი

ნამ ჯუნ პაიკი. ელექტრონული ავტომაგისტრალი: კონტინენტური აშშ, 1995; 47 არხის ვიდეო ინსტალაცია 313 მონიტორით, ნეონი, ფოლადის კონსტრუქცია, ფერი და ხმა. დაახლოებით 4.57X9.75X1.2მ. სმითსონის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი, ვაშინგტონი

კორეაში დაბადებული ნამ ჯუნ პაიკი (Nam June Paik, 1931- 2006) ვიდეო ხელოვნების ერთ-ერთი პიონერია. 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იანების დასაწყისში ის, ჯონ ქეიჯის გავლენით, ექსპერიმენტულ მუსიკას ქმნიდა. 1963 წელს პაიკმა მოდიფიცირებულ ტელემიმღებებთან დაიწყო მუშაობა, 1965-ში კი, როდესაც SONY-მ პირველი პორტატული ვიდეო კამერა გამოუშვა, ვიდეო არტის შექმნას შეუდგა. პაიკმა იწინასწარმეტყველა, რომ "ელექტრო სხივური მილი (ტელევიზია) ისევე ჩაანაცვლებდა ტილოს, როგორც კოლაჟის ტექნიკამ ჩაანაცვლა ზეთის ფერწერა". მოგვიანებით არტისტმა მუშაობა დაიწყო ცოცხალ, ჩაწერილ და კომპიუტერულ გამოსახულებებზე, რომლებიც სხვადასხვა ზომის მონიტორებზე გადაიცემოდა. ამ გამოსახულებებს პაიკი ხშირად ხელოვნების ნაწარმოებებში რთავდა. ასეთია მაგალითად, ელექტრონული ავტომაგისტრალი: კონტინენტური აშშ, რომელიც ნიუ იორკში მდებარე, ჰოლი სოლომონის გალერეისთვის შეიქმნა. შეერთებული შტატების კონტინენტური ნაწილის ეს ცნობილი, ნეონის კონტურით შემოწერილი რუკა განთავსებული იყო იმ კედელთან, რომელზეც კომპიუტერით გაკონტროლებული, ათობით ვიდეო მონიტორი იყო დამაგრებული. მონიტორებზე, ფონოგრამის თანხლებით, ძალზე სწრაფად ცვლადი გამოსახულებები აისახებოდა. თითოეული მათგანი სხვადასხვა შტატის ყოფა-ცხოვრებასა და კულტურას წარმოაჩენდა; ალასკა და ჰავაი გვერდითა კედლებზე იყო განთავსებული. ნამუშევარი გვიჩვენებდა ტელევიზიით გადაცემული შერეული გზავნილის ძალასა და ყოვლისმომცველობას. ნიუ იორკის შტატის მონიტორი გადასცემდა პირდაპირ ჩართვას გალერეიდან და დამთვალიერებელთა ვიდეო გამოსახულებებს ასახავდა. ეს მათ პასიური მაყურებლებიდან ხელოვნების ნაწარმოების აქტიურ მონაწილეებად გარდაქმნიდა. მონიტორების საშუალებით, მაყურებელთა წინაშე იქმნებოდა მათი მედია იდენტობა, რომელსაც ისინი თვალს ადევნებდნენ.

ბილ ვაიოლა. გადაკვეთა, 1996; ორი ფერადი ვიდეო არხი, რომელიც პროეცირებულია დიდი, ჩაბნელებული გალერეის სხვადასხვა მხარეს, ერთმანეთისკენ ზურგით განთავსებულ, დარბაზის მთელი სიმაღლის მომცველ ეკრანებზე; გაძლიერებული სტერეო ხმის ოთხი არხი, ოთხი ხმის გამაძლიერებელი, სიმაღლე

ბილ ვაიოლა

1996 წელს, კალიფორნიელი ვიდეო არტისტი ბილ ვაიოლა (Bill Viola, d. 1951) ქმნის ნამუშევარს სახელწოდებით გადაკვეთა . სხვადასხვა მხარეს დაყენებულ, თითქმის 5 მეტრის სიმაღლის ორ ეკრანზე ბრწყინვალე ფერადოვნების ვიდეო გამოსახულებები გადაიცემა. ერთ მხარეს ვაიოლა უშვებს ვიდეოს მამაკაცის გამოსახულებით, რომლის სილუეტი ფონს გამოეყოფა და თანდათანობით მთლიანად ავსებს ეკრანს. გამოჩენისთანავე მას წყლის წვეთები ეცემა. მამაკაცის ნელ სვლასთან ერთად, წყლის რაოდენობა მატულობს და საბოლოოდ, თავსხმად ქცეული მას წალეკავს. გამოსახულების თანმხლები ფონოგრამიდან ჯერ წვეთების ხმა, ბოლოს კი მოვარდნილი წყლის ღრიალი ისმის. მსგავსი სცენარით ვითარდება მოქმედება მეორე ეკრანზეც. ოღონდ, ამ შემთხვევაში, ფონიდან გამოჩენილი მამაკაცის ფეხებთან ცეცხლის ენები ჩნდება, რომლებიც თანდათანობით გამძვინვარებულ ხანძრად გადაიქცევა და მას შთანთქავს. გამოსახულების თანმდევი ფონოგრამიდან სულ უფრო მძლავრად გაისმის ცეცხლის ხმა. ვაიოლასთვის საინტერესოა ვიზუალური ინფორმაციის აღქმის პროცესი. სინამდვილეში, დარბაზში მხოლოდ ერთი ფონოგრამაა ჩართული, უბრალოდ, სხვადასხვა ვიდეოს ყურებისას, ის განსხვავებულად აღიქმება. ვაიოლას ვიდეო უაღრესად გრძნობითია, იმავდროულად კი მედიტაციური. მისი ღრმა სიმბოლურობა ვაიოლას სულიერებას და მსოფლიო რელიგიების მის საფუძვლიან ცოდნას წარმოაჩენს.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები