ვიჟე-ლებრენი მარი ლუიზა ელიზაბეტი
მარი ელიზაბეტ ლუიზა ვიჟე-ლებრენი – (Marie-Louise-Élisabeth Vigée-Lebrun, 1755 1842) ცნობილია, როგორც დედოფალ მარი ანტუანეტას საყვარელი პორტრეტისტი. როგორც დედოფლის რჩეული მხატვარი ვიჟე-ლებრენი რევოლუციის მიჯნაზე 1789 წელს თავის ქალიშვილთან ერთად პარიზიდან რომში გაიქცა. ნებაყოფლობითი გადასახლებისას, იტალიაში, ავსტრიაში, რუსეთში და ინგლისში წარმატებული მუშაობის შემდეგ, მხატვარი 1805 წელს საბოლოოდ პარიზში დამკვიდრდა და პარიზელ მეცენატთა შორის პოპულარობა მოიხვეჭა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ცოცხალი, ენერგიული მანერით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დიდად არ შეცვლილა, მან დაახლოებით 800 პორტრეტი შექმნა.
ვიჟე-ლებრენი გამოჩენილი იმითაც იყო, რომ იგი საფრანგეთის ფერწერისა და ქანდაკების სამეფო აკადემიის წევრად იყო არჩეული. იმ დროისთვის აკადემიაში მხოლოდ ოთხი ქალის არჩევა იყო შესაძლებელი. 1787 წელს ვიჟე-ლებრენმა შექმნა ტილო მარი ანტუანეტა შვილებთან ერთად მიმართავს რა "კეთილი დედის" თემას, მისთვის უკვე ნაცნობს ანჯელიკა კაუფმანის სურათიდან კორნელია, ვიჟე-ლებრენი დედოფალს, როგორც ეგოისტ, ექსტრავაგანტულ და ამორალურ ადამიანზე საზოგადოების წარმოდგენის საპირისპიროდ, კეთილ, მოსიყვარულე დედად წარმოგვიდგენს. დედოფალს სურათზე შესაბამის მეფურ პოზაში ვხედავთ, შვილები კი უფრო ბუნებრივად არიან გამოსახულნი: პრინცესა სიყვარულით მიყრდნობია დედას, პატარა დოფინი - ტახტის მემკვიდრე კი, რომელიც მეფობას ვერასდროს მიაღევს, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ძმის ცარიელი აკვნისკენ მიგვითითებს. ავტორი სურათში მარი ანტუანეტას მეუღლის, ლუი XVI-ს მმართველობის ქვეშ მყოფი საფრანგეთის მშვიდობიანობასა და კეთილდღეობას ასახავს. ლუი XVI, რომელიც ტახტზე 1774 წელს ავიდა, ტერორის ეპოქის დროს, 1792 წელს, სიკვდილით დასაჯეს. მის მეუღლეს, მარი ანტუანეტასაც იგივე ბედი ეწია.