ადამიძე ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვლადიმერ ადამიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Vladimer adamiZe.png

ადამიძე, ვლადიმერ (ლადო) ანდრიას ძე (დ. 28 ნოემბერი(ძვ. სტ.) 20 დეკემბერი, 1888 – გ. 1967)1 – მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, – დაიბადა ქ. თბილისში. მამა მსახიობი და დამცველთა კოლეგიის წევრი იყო, დედა – დიასახლისი. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია და კიევის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი. მამა სცენისადმი სიყვარულს უნერგავდა და პირველად სცენაზე მისივე ხელმძღვანელობით – 1906 წელს, ყოფილ ვეტცელის თეატრში დადგმულ „მეზობლებში“, სოსიკოს როლში გამოვიდა.

1906-1909 წლებში სცენის მოყვარეთა კერძო წრეებში, სასწავლებლებისა და კლუბების სცენებზე მონაწილეობდა. 1909 წლიდან სახალხო სახლში გამოდიოდა. 1918 წელს კიევის ქართველთა კოლონიის კომიტეტთან ქართული დრამწრე დააარსა, რომელსაც 1921 წლამდე ხელმძღვანელობდა. თვეში 3-4 წარმოდგენას მართავდა. აქ დადგა: „სამშობლო“, „და-ძმა“, „რაც გინახავს – ვეღარ ნახავ“, „შენი ჭირიმე“, „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“, „არსენა“ და სხვა. 1920 წელს, კიევში მოღვაწეობისათვის იქაურმა ქართველთა კოლონიამ ბენეფისი გაუმართა.

1921 წლიდან თბილისის ზუბალაშვილის სახალხო სახლში მუშაობდა მსახიობად, 1925 წლიდან – რუსთაველის სახელობის თეატრში. 1926-1927 წწ. ამავე თეატრის გასტროლებში (დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში) მიიღო მონაწილეობა.

1924-1925 წლებში, კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმულ ფილმში „ქარიშხალის წინ“ ჯაშუში განასახიერა. ამ დროიდან რუსთაველის თეატრს აღარ მოშორებია.

შეასრულა შემდეგი სახასიათო როლები: სოსიკო („მეზობლები“), ფლემინგი („პედაგოგი“), ფონ-ლაუფენი („სამხედრო ბანაკი“), სტუდენტი სემიონოვი („ომი“), მეფე („ეგვიპტის მეფე“), ბლოხინი („დღენი ჩვენი ცხოვრებისა“), ლევანი („ელეონორა“), დალაქი („მეფის დალაქი“), ომარ ხანი („ქართვლის დედა“), ავეტიქა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), გერცინსკი („სულელი“), ბეგლარი („ნიღაბქვეშ“), პატარა კახი, ოტია („და-ძმა“), სოსიკო („შენი ჭირიმე“), ლამარა („ქავთარ“), მალშტრემ („არონ ფინკელშტეინ“), არტაშა („ამერიკელი ძია და ძიას გასაბჭოება“), ადნაია („ზაგმუკ“), მიკირტუმა („მზის დაბნელება“), გეურქა („დეზერტირკა“) და სხვ.

ვლადიმერ ადამიძე ყოფილი „დურუჯის“ კორპორაციის კანდიდატთა ჯგუფის, 1920 წლიდან კი ხელოვნების მუშაკთა კავშირის წევრი იყო. ცნობილი იყო დაკვირვებული, შინაგანი განცდის აღსრულებით: „თითქმის უსიტყვო როლში ყურადღებას იქცევს ცოცხალი წარმომსახველობით“.

სცენის გარდა სტატისტიკის ცენტრალურ სამმართველოში საქმეთა მმართველად მუშაობდა.

1943 წელს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებულია მედლით „სამამულო ომში შრომითი მამაცობისთვის“ (1946).

სქოლიო

1. ბიოგრაფიული ლექსიკონი


წყარო:
1. ავტობიოგრაფია;
2. საქართველო სახელმწიფო სათეატრო მუზეუმი;
3. ხელოვნება და სამართალი – საკადრო ფურცელი;
4. გვარაძე, ნ. თეატრალური მემუარები. – თბ.: სახელგამი, 1949. – გვ. 9;
5. ჯანელიძე, დ. ნ. გოგოლის „რევიზორი“ მარჯანიშვილის თეატრში // კომუნისტი. – 1951. – № 295.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები