ვრანგელი ფერდინანდ
ფერდინანდ ვრანგელი – (რუს. Фердина́нд Петро́вич Вра́нгель, (1794-1870 წ.წ.), რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, მოგზაური და პოლარული მკვლევარი, ადიუტანტი გენერალი (15.04.1856) და ადმირალი (26.08.1856).
დაამთავრა საზღვაო კორპუსი ლენინგრადში და მიიღო მონაწილეობა გოლოვნინის დედამიწის გარშემო ზღვით მოგზაურობაში. 1820 წ. ის მეთაურობდა ექსპედიციას, რომელიც დაახლოებით ხუთ წელიწადს გაგრძელდა. ამ ექსპედიციის დროს ვრანგელი და მისი თანამგზავრნი ანჟუ, ილინი, კოზმინი და მიჩმანი მატიუშკინი (ა. ს. პუშკინის ცნობილი ამხანაგი ლიცეუმის ხაზით) იკვლევენ ჩრდილო ციმბირის სუსტად გამოკვლეულ განაპირა მხარეებს — მდინარე კოლიმის შესართავიდან ბერინგის სრუტემდე; სახმელეთო გამოკვლევათა გარდა ვრანგელი აწარმოებდა აგრეთვე ზღვის გამოკვლევასაც; მას მოუწია როგორც ნავით ცურვა, ისე ყინულზე მოგზაურობა ძაღლების საშუალებით და ზოგჯერ ფეხით სიარულიც. ვრანგელის მოთხრობები ამ მოგზაურობის შესახებ დიდი ინტერესით იკითხება წიგნში „მოგზაურობა ციმბირის ჩრდილო ნაპირების გასწვრივ და ყინულოვან ზღვაზე. ა. ნ. პიპინის სამართლიანი შენიშვნით, „ვრანგელის წიგნს ერთი პირველთაგანი ადგილი უკავია ლიტერატურაში ციმბირის ჩრდილო მხარეების შესახებ, როგორც საკითხის მნიშვნელობით, კვლევისათვის ძნელი მისაწვდომობის გამო, ისე გადმოცემის ღირსებებით. საკვირველია, რომ ეს შესანიშნავი წიგნი თითქმის ოც წელიწადს ელოდა გამოცემას და პირველად გამოქვეყნდა გერმანულ ენაზე: თარგმნილია ე. ა. ენგელგარდტის რუსული ხელნაწერიდან, ის გამოიცა ბერლინში ცნობილი გეოგრაფის კარლ რიტერის წინასიტყვაობით 1839 წელს, და მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამოვიდა მისი რუსული გამოცემა.
1831 წლიდან 1836 წლამდე ვრანგელს ეჭირა რუსეთ-ამერიკის კოლონიების მმართველის თანამდებობა, სადაც მან დააგროვა ძვირფასი ცნობები მოსახლეობის ეთნოგრაფიიდან და სტატისტიკიდან. მისი სახელი ეწოდა კუნძულს ჩუკოტკის ნახევარკუნძულის ჩრდილო მხარეზე.