სსრ კავშირ-ფინეთის ომი 1939–40

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზამთრის ომი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სსრ კავშირ-ფინეთის ომი. ფინელი ჯარისკაცები

სსრ კავშირ-ფინეთის ომი 1939–40 - ზამთრის ომი, საბჭოთა კავშირის აგრესია ნეიტრალური ფინეთის წინააღმდეგ სამხედრო-პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოსაქცევად.

ომის დაწყების საბაბად საბჭოთა მხარემ გამოიყენა მის მიერვე პროვოცირებული სასაზღვრო ინციდენტი, რის შემდეგ, 1939 წლის 30 ნოემბერს, ომი გამოუცხადა ფინეთს. საბჭოთა ავიაციამ მეორე დღესვე დაბომბა ფინეთის ქალაქები, ხოლო სახმელეთო ძალები შეტევაზე გადავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წითელი არმია ცოცხალი ძალითა და საბრძოლო ტექნიკით მნიშვნელოვნად აღემატებოდა ფინეთის შეიარაღებულ ძალებს (მთავარსარდალი კ. მანერჰაიმი), მათ მაინც მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. საბჭოთა ჯარების ძლიერ დაჯგუფებას, ტანკებით და არტილერიით, რომელიც ქ. ოულუს მიმართულებით მიიწევდა, დათოვლილ ტყეში ალყა შემოარტყეს და გაანადგურეს მსუბუქად შეიარაღებულმა ფინელმა მეთხილამურეებმა. დაიღუპა 27 ათ-ზე მეტი საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე, 1,3 ათ. ტყვედ ჩავარდა (1939 წლის დეკემბერი).

სტალინის ბრძანებით ფრონტზე გაიგზავნა ახალი დივიზიები, სატანკო და საარტილერიო რეზერვები. უმძიმესი ბრძოლები გაიმართა კარელიის ყელზე, სადაც ფინელებს შექმნილი ჰქონდათ სასაზღვრო გამაგრებების სისტემა, ე.წ. „მანერჰაიმის ხაზი”. წითელმა არმიამ 1940 წლის თებერვალ-მარტში დიდი ზარალის ფასად გაარღვია გამაგრებული ხაზი და 25–200 კმ-ით შეიჭრა ფინეთის სიღრმეში. ფინურმა მხარემ, რომელსაც ამოეწურა სამხედრო რესურსები, ზავი ითხოვა. ომის გაგრძელება აღარც სტალინს აწყობდა.

1940 წლის 13 მარტს დაიდო მოსკოვის საზავო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ფინეთს მოუხდა ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა (ქ. ვიბორგი და სხვა).

სამთვიან ომში ფინეთმა მხოლოდ მოკლულთა სახით დაკარგა 24 ათ. კაცი. საბჭოთა დანაკარგის რაოდენობა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა ვარაუდით იგი ფინელთა ზარალს რამდენიმეჯერ აღემატებოდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები