ავიაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავიაცია - (ფრანგული aviation < ლათინური avis – ფრინველი).

1. დედამიწის ირგვლივ საჰაერო სივრცეში ფრენისათვის განკუთვნილი ჰაერზე უფრო მძიმე საფრენი აპარატების განზოგადებული სახელწოდება;

2. იმ ორგანიზაციების ერთობლიობა, რომლებიც საავიაციო საფრენ აპარატებს იყენებენ, აქვთ აეროდრომები და უზრუნველმყოფი ტექნიკა;

3. შეიარაღებული ბრძოლის საშუალება და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება. განასხვავებენ სამხედრო და სამოქალაქო ავიაციას. ტერმინი „სამხედრო ავიაცია“, ჩვეულებრივ, იდენტურია ცნებისა „სამხედრო საჰაერო ძალები“.

სარჩევი

ისტორია

პირველი თვითმფრინავები შენდებოდა ემპირიულად, თვითმფრინავმშენებლობის მეცნიერული ბაზები არ არსებობდა. მხოლოდ XIX საუკუნის დამლევს – XX საუკუნის დამდეგს გაჩნდა თეორიული და მეცნიერული გამოკვლევები ავიაციის დარგში. დაიწყო ფრენის თეორიის შემუშავება. თვითმფრინავის პირველი წარმატებული ფრენა მოეწყო 1903 წლის 17 დეკემბერს (ამერიკელ მექანიკოსები ძმები უ. და ო. რაიტები). ამის შემდეგ შეიქმნა სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავები ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. მათი სიჩქარე 90-120 კმ/სთ-ს შეადგენდა. ავიაციის გამოყენებამ პირველ მსოფლიო ომში განსაზღვრა თვითმფრინავების, როგორც ახალი საბრძოლო საშუალების, მნიშვნელობა, გამოიწვია მათი დაყოფა გამანადგურებლებად, ბომბდამშენებად, მზვერავებად.

თვითმფრინავებზე დაიწყეს ბომბდამშენი და სასროლი შეიარაღების დაყენება. მეომარმა ქვეყნებმა I მსოფლიო ომის წლებში გამოუშვეს 165 ათ-ზე მეტი თვითმფრინავი, გააუმჯობესეს მათი მახასიათებლები. მაგალითად, გამანადგურებლის სიჩქარე აღწევდა 200-220 კმ/სთ-ს, ფრენის მაქსიმალური სიმაღლე გაიზარდა 2-დან 7 კმ-მდე. მოგვარდა საავიაციო ძრავებისა და მოწყობილობის წარმოება, შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი დაწესებულებები. 20-იანი წლებიდან თვითმფრინავმშენებლობაში ფართოდ გამოიყენება დურალუმინი. 30-იანი წლების შუა ხანებიდან თვითმფრინავების კონსტრუქციაში გადავიდნენ ბიპლანიდან მონოპლანზე, ამან გაზარდა გამანადგურებლების სიჩქარე 560-580 კმ/სთ-მდე. 30-იანი წლების დამლევს გაჩნდა საავიაციო რეაქტიული ძრავა.

ომის შემდეგ ფართო განვითარება პოვა რეაქტიულმა ავიაციამ. აქტიურად ვითარდებოდა შვეულმფრენმშენებლობა. ტურბოხრახნული და ტურბორეაქტიული ძრავების გამოყენებამ შესაძლებელი გახადა არა მარტო გაზრდილიყო ფრენის სიჩქარე და სიმაღლე, არამედ მნიშვნელოვნად გადიდებულიყო თვითმფრინავების ტვირთამწეობა და ფრენის სიშორე. 70-იან წლებში სამხედრო-საჰაერო ძალებში თვითმფრინავების სიჩქარე აღწევდა 3000–3500 კმ/სთ, ფრენის მაქსიმალური სიმაღლე – 20 კმ-ზე მეტს, ფრენის სიშორე – 10000 კმ-ზე მეტს. 80–90-იან წლებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა თვითმფრინავების ფრენის სიჩქარის, სიმაღლის და სიშორის, მარგი დარტვირთვის ზრდას, შემოკლებული აფრენისა და დაშვების თვითმფრინავების შექმნას, ვერტმფრენების სრულყოფას, დაზიანების საავიაციო საშუალებათა ეფექტიანობის ამაღლებას. ავიაციის განვითარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საჰაერო-კოსმოსური თვითმფრინავის და მრავალგზის გამოყენების საჰაერო-კოსმოსური სატრანსპორტო ხომალდების შექმნაში.

სამოქალაქო ავიაცია

სამოქალაქო ავიაცია განკუთვნილია მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვისა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მომსახურებისათვის. გამოიყენება, აგრეთვე ადგილმდებარეობის აეროფოტოგადაღებისთვის, წიაღისეულის დაზვერვისათვის და სხვა. მრავალ ქვეყნაში მოიცავს საჰაერო ტრანსპორტის რეგიონულ სამმართველოებს, საწარმოო გაერთიანებებს, ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებს, სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

სამხედრო ავიაცია

სამხედრო ავიაცია განკუთვნილია საჰაერო სივრცეში სამხედრო (საომარი) მოქმედებისათვის. დანიშნულებისა და დაქვემდებარების მიხედვით მეტ წილ ქვეყნებში მოიცავს საარმიო (სახმელეთო ჯარების) ავიაციას, დაჯგუფების (ტაქტიკურ), შორეულ (სტრატეგიულ), საჰაერო თავდაცვის, საზღვაო, სამხედრო-სატრანსპორტო და სპეციალურ ავიაციას. გადასაწყვეტი ამოცანებიდან და მოქმედების ხასიათიდან გამომდინარე იყოფა გვარეობების მიხედვით ბომბდამშენ (რაკეტმზიდ), გამანადგურებელ-ბომბდამშენ (ტაქტიკური გამანადგურებლები), გამანადგურებელ, მოიერიშე, სადაზვერვო, ნავსაწინააღმდეგო, სამხედრო-სატრანსპორტო და სპეციალურ ავიაციად. შეიარაღებაზე არის საბრძოლო, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები და ვერტმფრენები, სხვა საფრენი აპარატები.

სამხედრო ავიაციის საბრძოლო ძლიერების საფუძველია მრავალი სახის საავიაციო შეიარაღებით აღჭურვილი ზებგერითი, ნებისმიერ ამინდში ფრენისათვის განკუთვნილი თვითმფრინავები. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რადიოსარადარო სისტემებისთვის „უხილავი“ საფრენი აპარატების და დისტანციური მართვის თვითმფრინავების შექმნას.

ავიაციის ისტორია საქართველოში

საქართველოში, პირველი საფრენი აპარატის შექმნის ცდა, ზოგიერთი ცნობით, ეკუთვნის შალვა ერისთავს (1835).

1907 წელს ბათუმელმა მექანიკოსმა ვ. ბასენსკიმ ააგო პირველი ზამბარიანი საფრენი აპარატი, რომელიც უპილოტოდ 20 მ. სიმაღლეზე აფრინდა.

1908 წელს საქართველოში ჩამოვიდა გერმანელი პილოტი ტაილორი, რომელიც ქუთაისში ტრაგიკულად დაიღუპა 1910 წელს.

1908 წელს თბილისელმა გიმნაზიელმა ა. შიუკაშვილმა ააგო პლანერი და 1908 წლის 5 მაისს მახათას მთიდან გადმოფრინდა.

1910 წელს, წარმოშობით ფრანგი კიეველის, ნ. დელონეს ხელმძღვანელობით თბილისში ააგეს „დელონეს“ სისტემის პლანერი.

1914 წელს შეიქმნა თბილისის აეროკლუბი (უფროსი ნ. ჯიბლაძე). ამ კლუბის თაოსნობით ვაკის მოედანზე საჩვენებელ გაფრენებს ანხორციელებდნენ პირველი ქართველი ავიატორები: ბ. ქებურია, მ. მაჭავარიანი, მ. აბაშიძე, გ. ავალიანი, ვ. ერისთავი, მ. გრიგორაშვილი, ძმები ალ. და ან. იაკობაშვილები, კ. ცომაია და ა. საღარაძე.

1931 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს საჰაერო ფლოტის სამმართველო. 30-იან წლებში შ. ჭანკოტაძემ, ავიაციის გენერალ-მაიორმა, პირველმა გადაუფრინა კავკასიონს. ნ. ხუბულავა იყო პირველი ქართველი ავიატორი ქალი.


ცნობილია ამერიკაში მცხოვრები ქართველი კონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი (1896, თბილისი – 1974 ნიუ-იორკი).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები