ზაპვე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ზაპვე“ – (ბირმ. „ლეგენდები ბუდას ცხოვრებასა და გარდასახვების შესახებ“) – კლასიკური მუსიკალურ-დრამატული წარმოდგენა ბირმაში. „ზაპვე“ აღმოცენდა ძველ დროში, ხოლო ბირმაში დამკვიდრდა ბუდიზმთან ერთად (11-12 სს.ა.წ.) ინდოეთის და სიამის გავლენით. ეს წარმოდგენები ტრადიციულია და მკაცრად არის კანონიზებული. მასში მოქმედებენ მეფეები და უფლისწულები, სასახლისკარის დიდგვაროვნები, კეთილი და ავი სულები. „ზაპვეში“ ერთმანეთს ენაცვლებიან კომიკური და გმირული სცენები. გამოყენებულია დიალოგი, მონოლოგი, ცეკვა და სიმღერა.

ჩვეულებრივ, წარმოდგენა იწყება საღამოს 9 საათზე და გრძელდება დილის 4 საათამდე. ღამის 2-3 საათზე იწყება მთავარი საცეკვაო სცენა, რომელსაც ქალ-ვაჟი ასრულებს. ეს არის ლამაზი და რთული სცენა, გაჯერებული აკრობატიკით, გამორჩეული სკულპტურული პოზებით, ჩელების და თითების გამომსახველობით. „ზაპვეს“ მონაწილეებს აცვიათ ლამაზი და მდიდრული კოსტიუმები. სულების და ცხოველების როლების შემსრულებლებს უკეთიათ გრიმი ან ნიღაბი. წარმოდგენა მიმდინარეობს დეკორაციის გარეშე. მისი მონაწილე მსახიობები უნდა ფლობდნენ დეკლამაციის, ცეკვის, სიმღერის, აკრობატიკის ხელოვნებას. მათი დახელოვნება იწყება ადრეული ასაკიდან. „ზაპვეს“ დღესაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები