ზარადხანისუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარადხანისუხუცესი - სამეფო კარის საშუალო რგოლის მოხელე ერთიანობის ხანის ქართულ მონარქიაში. სამეფო სასახლის სამხედრო იარაღის საწყობის გამგე.

ზარადხანისუხუცესი შედიოდა ამირსპასალარის უწყებაში, უშუალოდ კი, ამირახორს ექვმდებარებოდა. ზარადხანისუხუცესის საგამგეო დაწესებულებას წარმოადგენდა ზარადხანა (არაბ.-სპარს. zarad-xāna სამხედრო იარაღის საჭურვლის საცავი, საწყობი), რომელშიც ინახებოდა სამხედრო საჭურველი: ჯავშანი, მუზარადი, ჯაჭვი, საბარკულები, ლახტი, შუბი, მშვილდ-კაპარჭი და სხვ. აქვე იყო ცხენის აღკაზმულობა: ლაგამ-აბჯარ-უნაგირი, დიდი დროშა, ალმები და სხვ.

ზარადხანისუხუცესს მეფის საბრძოლო იარაღის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული მრავალი მოხელე ემსახურებოდა: მისრატულთუხუცესი და მისრატულნი, ზარადხანის მოლარე და მეჯინიბე, ზარადხანის მუშრიბი. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ყოველი მათგანი გარკვეულ მონაწილეობას იღებდა მეფის ცხენის შეკაზმვაში: ზარდახნის მოლარე ცხენს აღვირს შეაბამდა, მისრატული ლაგამს ამოსდებდა („პირსა აუსხამს“) და ცალ ყურთან გაუტარებდა, ზარადხანის მეჯინიბე საყბეურს გაუკეთებდა და ლაგამს მეორე ყურთან გაუტარებდა, სულ ბოლოს ზარადხანის მოლარეს უნდა დაედგა უნაგირი, მეჯინიბეს კი დაესრულებინა ცხენის შეკაზმვა და ისევ მისრატულთუხუცესისათვის მიეყვანა. საბოლოოდ ზარადხანისუხუცესი მიგვრიდა შეკაზმულ ცხენს მეფეს, ხოლო როცა მეფე ცხენზე შეჯდებოდა, ზარადხანისუხუცესს მეფისათვის მათრახი უნდა მიეწოდებინა. ზარადხანისუხუცესი ამირჩუხთან ერთად მეფის ამალაში მეფესა და ჯვარისმტვირთველს შორის დგებოდა. ზარადხანისუხუცესის თანამდებობაზე მეფეები იწყალებდნენ ფეოდალური წოდების საშუალო რანგის წარმომადგენლებს - ასეთთაგანი ჩანს ვინმე ვახტანგ თულაისძე („ჩამომავლად“ მეთემე აზნაური), რომელიც 1287/1288 წ-ის სიგელის მიხედვით, მეფის აზნაური გამხდარა და ზარადხანისუხუცესობა მიუღია.


წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები