ბოლქვაძე ზაურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზაურ ბოლქვაძე-დან)
ბოლქვაძე ზაურ– (1933 – 1997), პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ გუთურში (ჩოხატაური). 1941 წლიდან სწავლობდა სოფელ გუთურის რვაწლიან სკოლაში, 1948-51 წლებში კი – ჩოხატაურის საშუალო სკოლაში. 1956 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1962-65 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის” განყოფილების გამგე, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის” მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსი 1951 წელს გამოაქვეყნა, ლექსთა პირველი კრებული „ღელვის დასაწყისი“ _ 1961 წელს. ავტორია რამდენიმე პოეტური კრებულისა: „ლექსები“ (1964, 1968, 1972), „მიწის სიმწვანე“ (1966), „ვარსკვლავები“ (1970) და სხვა. თარგმნა ტიხონოვის, ტვარდოვსკის, ახმადულინას, კუპალას, ლოტიანუს და სხვების ნაწარმოებები.
- * * *
- დახუჭულ თვალებს ჩამოსწყდა ნელა,
- თვალებში ჩადგა მარადი ბნელი...
- სულ ერთი წამი იცოცხლა ცრემლმა
- და მერე მოკვდა პატარა ცრემლი.
- უკანასკნელი სათქმელი მისი –
- უსიტყვოდ მოკვდა პატარა ცრემლი...
- ჯერ დაიკარგა წერტილი მიწის
- და მერე გაქრა სამყარო მთელი.
- დაცურდა ერთი ვარსკვლავი ცაში,
- დააწყებინა კანკალი სანთლებს...
- ო, რა ძნელია სიცოცხლე მაშინ,
- როცა ერთ ცრემლში ათავსებ სათქმელს!