უჩაძე ზაურ
ზაურ გიორგის ძე უჩაძე – ქართველი გენერალ-მაიორი (15.02.1993), დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი
დაიბადა ცაგერის რაიონის სოფელ უჩხერში. 1968 წელს დაამთავრა გალის რაიონის სოფელ მუხურის საშუალო სკოლა.
1973 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი,ხოლო 1983 წელს – კალინინის სახელობის სამხედრო საარტილერიო აკადემია ლენინგრადში.
1973-1974 წლებში მსახურობდა ოცეულის მეთაურად თბილისის უმაღლეს საარტილერიო სასწავლებელში.
1974-1976 წლებში მსახურობდა ბატარეის მეთაურად.
1976-1980 წლებში მსახურობდა დივიზიონის შტაბის უფროსად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში.
1980 წლიდან სამხედრო სამსახურს აგრძელებს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც 1988 წლამდე მსახურობდა დივიზიონის მეთაურის თანამდებობაზე.
1988 წლიდან ბრუნდება საბჭოთა კავშირში და ინიშნება ბრიგადის მეთაურის მოადგილედ ვოლგისპირეთი-ურალის სამხედრო ოლქში.
1990 წლიდან გადმოჰყავთ საქართველოში, სადაც 1990-1991 წლებში მსახურობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის შტაბში ოპერატიული განყოფილების უფროსად.
1991 წლის დასაწყისიდან აქტიურად ებმება საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში. 1991 წლის აპრილიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის – შინაგანი ჯარების ბრიგადის მეთაურის მოადგილედ, შემდეგ – ბრიგადის მეთაურად.
1992 წლის აპრილში მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1992 წელს მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსად.
1992-1996 წლებში მსახურობდა II საარმიო კორპუსის სარდლის მოადგილედ, შემდეგ კორპუსის სარდლად და დასავლეთის მიმართულების სარდლად.
1996-1998 წლებში ეკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის და თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა.
1998-2003 წლებში მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა პასუხისმგებელ თანამდებობაზე.
2003 წელს დაინიშნა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად.
2018 წლამდე მუშაობდა საარტილერიო კურსის პედაგოგად ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანისში“.
იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე 1992-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებებში.
სამშობლოს დაცვაში გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის მოხდისათვის, სამხედრო სტრუქტურების ჩამოყალიბებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, გენერალ-მაიორი ზაურ უჩაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებით და მედლით − მხედრული მამაცობისათვის.
გარდაიცვალა 2022 წლის 19 ივნისს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.