ზოიძე შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა ზოიძე

ზოიძე შოთა − (1941), მთარგმნელი, პოეტი. დაიბადა სოფელ ახალდაბაში (შუახევი). დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტი (1967), შემდეგ მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი კურსები (1977). პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1960 წელს, პირველი წიგნი − 1968 წელს. გამოცემული აქვს წიგნები: „ათასი ზარი” (1972), „პაემანი წვიმაში” (1974), „ელდორადო” (1982), „ბათუმის წვიმა” (რუსულ ენაზე, მოსკოვი, 1979); 2000 წელს გამოსცა მონოგრაფია ანა კალანდაძეზე − „ანა დედოფალი”, 2003 წელს − ლექსების კრებული „სვეტი ნათლისა”, 2013 წელს − „რჩეული ნაწერები” (2 ტომი). თარგმნა ლერმონტოვის, ტიუტჩევის, ბლოკის, ეს ენინის, ახმატოვას, ცვეტაევას, პასტერნაკის, ევტუშენკოს, მორიცის, ოკუჯავას, სიმონოვის და სხვათა ლექსები.


* * *
ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა,
ჩემი რწმენა და რწმენის სასახლე,
მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან
და ჩემს სალოცავ ხატად დაგსახე.
შენით მოვიგე ომი მრავალი,
ზედ მტკვარზე შენთვის დავდგი ტაძარი,
შენა ხარ ევას შთამომავალი
და მე კი − შენი ცეცხლით დამწვარი
ადამის ძე ვარ... და რა მეღონა,
თუკი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა,
შენ ღმერთმა კი არ გამოგიგონა,
მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან.
თუ გული შენით არ აღეგზნება,
გული კი არა, ცივი ლოდია,
ძველი რომი ხარ და ყველა გზები
დასაბამიდან შენსკენ მოდიან.
მე შენს განგებას ვერსად წავუვალ
და ჩემი ლექსი როგორ გაკადრო
შენ − ჩემო დიდო დღესასწაულო,
ჩემო სათავევ და შენაკადო!
მზე კურცხალივით ცაზე ეკიდა,
მარტო ვიყავი და შენ გინატრე,
მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან
და სამოთხეში დაგაბინადრე...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები