ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი
ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი - ზომიერი დეპრესიის ძირითადი მახასიათებლებია გუნებგანწყობის დაქვეითება, ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა, პესიმისტური ფიქრები და ფიზიკური სისუსტე. ყოველივე ეს იწვევს სოციალური და პროფესიული ფუნქციონირების გაუარესებას.
გარეგნობა
ავადმყოფს დამახასიათებელი გარეგნობა აქვს. ჩაცმულობა და ვარცხნილობა შესაძლოა უგულებელყოფილ იქნეს. რაც შეეხება სახის ნაკვთებს, დამახასიათებელია ჩამოწეული ტუჩის კუთხეები და ვერტიკალური ნაოჭი წარბებს შორის (შუბლი შეჭმუხნულია). თვალების ხამხამი შესაძლოა შემცირებული იყოს. მხრები ჩამოვარდნილია და თავი ისეა დახრილი, რომ მზერა ქვემოთ არის მიმართული (თავჩაქინდრული და თვალებდახრილია). ჟესტიკულაცია მინიმუმამდეა დაყვანილი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ, მიუხედავად ღრმა დეპრესიისა, ზოგიერთი პაციენტი სახეზე ღიმილს მაინც ინარჩუნებს.
გუნებ-განწყობა
ავადმყოფი საკმაოდ სევდიან გუნებ-განწყობაზეა. განწყობა მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება არც ისეთ გარემოებაში, როდესაც წუხილი შეიძლება შემსუბუქდეს, მაგ., სასიამოვნო საზოგადოებაში ყოფნა ან კარგი ამბის გაგება. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში გუნებ-განწყობა ჩვეულებრივი მოწყენილობისაგან განსხვავებულად განიცდება. ზოგჯერ ავადმყოფები საუბრობენ შავ ღრუბელზე, რომელიც თან ახლავს ყველა გონებრივ აქტივობას. ზოგიერთ ავადმყოფს აქვს უნარი, დროის გარკვეულ მონაკვეთში მაინც შენიღბოს განწყობის ცვლილება გარშემომყოფთათვის. ზოგიერთი უხასიათობას ექიმთან გასაუბრების დროსაც ოსტატურად მალავს, რაც დიაგნოზის დასმას კიდევ უფრო ართულებს. გუნებ-განწყობა დილას უფრო დაქვეითებულია, როდესაც ავადმყოფი იღვიძებს, ხოლო შემდეგ, დღის განმავლობაში, ის გარკვეულწილად, უმჯობესდება. აღნიშნულ მოვლენას გუნებ-განწყობის დღე-ღამური მერყეობა ეწოდება.