ზღვის ყვინთია
ზღვის ყვინთია (ლათ. Aythia marila Linnaeus, 1761) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. მოზრდილი ზომის იხვია, ფრთა 185-235 მმ-ია, ნისკარტი – 38-47 მმ, წონა 750-1200 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის განსხვავებაა შეფერილობაშიც. გამრავლების პერიოდში მამალს თავი, კისერი, ჩიჩახვი, მკერდის ზემო ნაწილი, წელი და კუდის ზემო მფარავები შავი აქვს, თავსა და კისერზე მომწვანო ელფერით. დორსალური მხარის დანარჩენი ნაწილიც ძირითადად შავია, მაგრამ მასზე მრავლადაა მოთეთრო-რუხი ფერის ტალღისებური ზოლები. მკერდის ქვემო ნაწილი, მუცელი, გვერდები და იღლია თეთრია, პირველი რიგის მომქნევები მურაა. ფრთაზე თეთრი „სარკეა“. კუდი და მისი ზემო მფარავები მოშავო-წაბლისფერია. ამ უკანასკნელზე თეთრი წინწკლებით. დედალს ნისკარტის ირგვლივ არე მოთეთრო აქვს, რომელიც შუბლსა და ნიკაპზეც გადადის. გარდა ამისა, სხეულის ის ადგილები, რომლებიც მამალს შავი აქვს, დედლის სხეულზე მოქარცისფრო-მურაა. ნისკარტი მუქი რუხია, „ფრჩხილაკი“ მის წვეროში მოშავოა, ხოლო ფეხები – მოცისფრო-რუხი.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ზღვის ყვინთია – A. m. marila Linn., 1761.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ევრაზიის ტუნდრის ზონას, აგრეთვე ტაიგის ზონის ჩრდილოეთ ნაწილს ისლანდიის, ბრიტანეთის კუნძულების, სკანდინავიისა და კოლის ნახევარკუნძულებიდან კამჩატკამდე, კურილის კუნძულებამდე და სახალინამდე. ბუდობს აგრეთვე ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ძირითადად ალასკაზე. ზამთრობს ზღვების სანაპიროებზე იაპონიაში, სახალინზე, კორეაში, ჩინეთში, ალეუტის კუნძულებზე, დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთი ამერიკის როგორც ატლანტის, ისე წყნარი ოკეანის სანაპიროებზე; ხმელთაშუა, შავ, აზოვის ზღვების ნაპირებზე, სპარსეთის ყურეში, სეისტანსა და კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი.
ბიოტოპი
ბუდობის დროს ირჩევს გამდინარე, მცენარეულობით მდიდარ, ზოგჯერ მცირე ზომის ტბებს ტუნდრაში, ტყე-ტუნდრაში და ჩრდილოეთ მეჩხერ ტაიგაში. განგურის პერიოდში თავს იყრის უფრო დიდი ზომის წყალსატევებზე, ხოლო ზამთარში მოიპოვება ძირითადად ზღვების სანაპიროებზე.
გამრავლება
ბუდეს აწყობს მიწაზე, ტენიან ისლნარში, მდინარის ან ტბის ნაპირზე, ჩვეულებრივად მშრალ ადგილას. მაისში დებს 7-9 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 26-28 დღეს გრძელდება.
კვება
ზღვის ყვინთიას საკვები შერეული ხასიათისაა, ჭამს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ საკვებს. მცენარეულიდან იყენებს მათ მწვანე ნაწილებს – ფოთლებსა და ყლორტებს. ცხოველებიდან უმთავრესია მწერები და მოლუსკები, აგრეთვე კიბოსნაირები და წვრილი თევზები.
მნიშვნელობა
მაღალი ღირსების ხორცისა და ზოგან ამ ფრინველის რიცხვმრავლობის გამო, დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს.