ზღმარტლი
ზღმარტლი – Mespilus germanuca:
მეგრულად – ბაცუ, ცქუმუნტური, ცხუმუნტური.
ვარდისებრთა ოჯახის მცენარე. ტანდაბალი, სამ-ექვს სანტიმეტრამდე სიმაღლის ეკლიანი ხე ანდა ბუჩქი. ნაყოფი მომრგვალო კენკრაა, რბილობი მაგარია, ხოლო გადამწიფებული რბილი და ტკბილია. მყნობით ამრავლებენ.
რელიქტური სახეობაა. მცირე ზომის (5-6 მ-მდე) ხეა ან ბუჩქი. ყლორტები ქეჩისებრშებუსულია; ფოთლები ლანცეტაა, წაწვეტებული ან ბლაგვი, 5-14 სმ სიგრძისა და 2,5-7 სმ სიგანის, კიდემთლიანი, ზოგჯერ ხერხკბილა, მუქი მწვანე, ქვედა მხრიდან ძარღვების გასწვრივ და ყუნწებზე უხვად შებუსული. ყვავილები მოკლე ყლორტების ბოლოებშია განლაგებული, მარტოულია, 3-5 სმ დიამეტრის; გვირგვინის ფოთოლაკები თეთრია, სამტვრეები წითელი. ნაყოფი ვაშლისმაგვარი კურკაა, სხვადასხვა ფორმის, შებრტყელებული სფეროსებრიდან მსხლისებრამდე; მურა ან მოწითალო-მურა, ყავისფერი რბილობითა და 4-5 კურკით, უკავია ნაყოფის დიდი ნაწილი. ყვ. IV; ნაყ. VIII.
იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლის გაჩეხილ ტყეებში 1200-მ-მდე ზღვის დონიდან, უფრო ხშირად ქვეტყეშია წარმოდგენილი, არ ქმნის დამოუკიდებელ ცენოზებს, გვხვდება მცენარეულობის სხვადასხვა დაჯგუფებაში, ჯგუფების ან ერთეული ეგზემპლარების სახით გაბნეულად სხვა ველურ ხილთან ერთად, მაგრამ მის ძირითად თანამგზავრს შინდი წარმოადგენს.
ხეხილოვანი მცენარეა. საკვებად გამოიყენება სრულად მომწიფებული ნაყოფები, რომელიც შეიცავს: შაქრებს, ორგანულ მჟავებსა და მათ წარმოებულებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ტრიტერპენოიდებს, ფენოლკარბოლმჟავებს, კაროტინსა და 16 მგ% ვიტამინ C-ს. თესლში გვხვდება ცხიმოვანი ზეთები, არომატული ნივთიერებები, ლორწო, ფიტონციდები.
ხასიათდება სიმსივნისა და ანთების საწინააღმდეგო, ანტისაფაღარათო, სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედებით. გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების, დიარეის, დიზენტერიის, თირკმლის დაავადებების, ბუასილის დროს.
სიფრთხილეა საჭირო კუჭის წვენის მაღალიმჟავიანობისას(ბიძინაშვილი, 2013).