თავაძე გიორგი (გენერალი)
თავაძე გიორგი ვახტანგის ძე (1882 - 1930) – ქართველი სამხედრო ოფიცერი, რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალური შტაბის პოლკოვნიკი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალი. 1904-1905 წლების რუსეთ- იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე.
დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ზემო ხეთაში. განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1896 წელს ამთავრებს თბილისის იუნკერთა სასწავლებელს. 7 აგვისტოს ენიჭება პოდპორუჩიკის წოდება. ამავე წელს იწყებს სამხედრო სამსახურს.
1909 წლის 1 იანვრიდან შტაბს-კაპიტნის წოდებით მსახურობდა კავკასიის მე-2 მსროლელ ბატალიონში. 1912 წელს (I თანრიგით) დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი.
მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების და I მსოფლიო ომებში. 1913 წლიდან მსახურობდა კავკასიის მე-3 მსროლელ პოლკში. 1914 წლის 27 ივლისს ენიჭება კაპიტნის წოდება, ხოლო 1916 წლის 30 აგვისტოს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება.1917 წლის 14 იანვარს ინიშნება ამავე პოლკის მეთაურად და ენიჭება პოლკოვნიკის წოდება
დაჯილდოებული იყო გიორგის ოქროს იარაღით (1918 წლის 15 მარტს) და წმ. ანას IV (მამაცობისათვის – 1915 წ.) ხარისხის ორდენით.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო მე-2 ქვეითი დივიზიის თელავის მე-6 ქვეითი პოლკის მეთაური. 1919 წლის 23 იანვარს ენიჭება ქართული არმიის გენერლის წოდება. მონაწილეობდა თვითგამოცხადებული ე.წ. ,,ყარსის რესპუბლიკის” ჯარების აგრესიის აღკვეთაში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ- ქემალისტური ოკუპაციის პერიოდში, რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, 1921 წლის თებერვლის ბოლოს საბჭოთა ხელისუფლება მას ტყვედ იყვანს და გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ ახმეტელაშვილთან ერთად აგზავნის მოსკოვში. მოკლეს რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში. გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. მისი საფლავი არ არსებობს.