თავის ტკივილი
თავის ტკივილი - ზოგჯერ ქრონიკული ან პერიოდულად განმეორებადი თავის ტკივილის მქონე პაციენტების გადამისამართება ფსიქიატრთან ხდება. არსებობს თავის ტკივილის გამომწვევი მრავალი სომატური მიზეზი, განსაკუთრებით კი შაკიკი, რომელიც ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, დაახლოებით, ათიდან ერთ ადამიანს აღენიშნება. ბევრ პაციენტს, რომელიც ნევროლოგიურ კლინიკაში გადის მკურნალობას, აწუხებს თავის ტკივილი, რომლის სომატური მიზეზებიც დაუდგენელია. მათ შორის ყველაზე უფრო გავრცელებულია „დაძაბვის“ თავის ტკივილი, რომლის დროსაც პაციენტს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს თავზე მარწუხებს უჭერენ. ასეთი ტკივილი ჩვეულებრივ ხანმოკლეა და ანალგეზიის ან კარგი ღამის ძილის შემდეგ სწრაფადვე გადის, თუმცა, ხანდახან, შეიძლება მუდმივი ხასიათიც ჰქონდეს. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება დეპრესიული სიმპტომები ან შფოთვა, რომელიც ცხოვრებისეულ სტრესთან არის დაკავშირებული. ფსიქოლოგიური ფაქტორები, როგორც ჩანს, თავის ტკივილის ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორს წარმოადგენს. არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ თავის ტკივილი კუნთთა დაძაბულობის ზრდით არის გამოწვეული. უფრო მისაღებია შეხედულება, რომლის მიხედვითაც თავის ტკივილის მიზეზს ვასკულური მექანიზმები წარმოადგენს.
არის შემთხვევები, როდესაც პაციენტებს თავის ტკივილის გამომწვევი სომატური მიზეზები არ უდგინდებათ. ასეთი პაციენტების უმრავლესობის დამშვიდება შესაძლებელია, თუ მათ ავუხსნით, რომ ჩატარებულმა გამოკვლევებმა უარყოფითი შედეგები აჩვენა. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა და სტრესის მართვის ტექნიკის გამოყენება, გარკვეულწილად, აუმჯობესებს მათ მდგომარეობას (Holroyd et al., 2001).