თაიროვი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე თაიროვი (რუს. Александр Таиров, 1885-1950), რუსი რეჟისორი. მუშაობდა ჯერ მსახიობად, მერე რეჟისორად.

მის მოღვაწეობაში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა მუშაობის დაწყებას თავისუფალ თეატრში კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. 1914 წ. ა. კოონენთან და სხვა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად ქმნის კამერულ თეატრს, რომელთანაც დაკავშირებულია მთელი მისი მომდევნო მოღვაწეობა. იგი ითვლება მე-20 საუკუნის თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეჟისორ-რეფორმატორად. კამერულ თეატრს მან უწოდა „ემოციონალურ-დატვირთული ფორმების თეატრი“ („რეჟისორის ჩანაწერები“, 1921). იგი თავისი წამოწყებით დაუპირისპირდა როგორც ნატურალისტურ, ისე მეიერხოლდისეულ „პირობით თეატრს“. თეატრში იგი მოითხოვდა დახვეწილ ოსტატობას, ქმნიდა რომანტიკულ და ტრაგედიულ სპექტაკლებს, იყენებდა პოეტურ და ლეგენდარულ სიუჟეტებს, ასახავდა ძლიერ, ამაღლებულ გრძნობებს. მისი ამ დროის პროგრამული სპექტაკლები იყო „ფიგაროს ქორწინება (ბომარშე), „სალომეა“ (უაილდი). მის შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა რასინის „ფედრას“ დადგმას. ეს სპექტაკლი აღიარებულ იქნა მონუმენტური დადგმების ეტალონად. იგი მაქსიმალურად უახლოვდებოდა ანტიკურ ტრაგედიას. ოსტროვსკის „ჭექა-ქუხილის და შოუს „წმინდა იოანას“ დადგმით იწყება ახალი ეტაპი მის შემოქმედებაში, რომელსაც მან „კონკრეტული რეალიზმი“ უწოდა. მისი სწრაფვა სინთეზური თეატრისადმი გამოიხატა მუსიკალურ სპექტაკლებში. 1934 წ. მან დადგა სპექტაკლი „ეგვიპტეს ღამეები“, რომელმაც გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი და დისკუსიები პრესის ფურცლებზე. მისი ექსპერიმენტები ხშირად მიუღებელი იყო იმ დროში გაბატონებული იდეოლოგიისათვის. 40-იან წლებში მან განახორციელა „მადამ ბოვარის“ დადგმა ფლობერის მიხედვით. ეს სპექტაკლი აღიარებულ იქნა კლასიკის ათვისების ნიმუშად. იგი დგამდა სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებს და მსახიობებისგან მოითხოვდა თანაბარი ძალით ეთამაშათ მისტერია და არლეკინადა, ტრაგედია და ოპერეტა. სპექტაკლზე მუშაობის დროს იწვევდა საუკეთესო მხატვრებს და კომპოზიტორებს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები