თამაშთა თეორია
თამაშთა თეორია - (theory of games), ინდივიდუალურ რაციონალურ გადაწყვეტილებათა თეორია, მიღებული ამ გადაწყვეტილებათა შედეგების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის პირობებში. თანამედროვე თამაშთა თეორია იწყება ფ. ნეიმანისა და ო. მორგენშტერნის ნაშრომით - „თამაშთა თეორია და ეკონომიკური ქცევა” (1944). იგი იკვლევს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებათა ურთიერთგავლენას ისეთ დაშვებისას, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილების მიღებას რისკის პირობებში. მაშინ, როდესაც ტრადიციული მიკროეკონომიკური თეორია გვთავაზობს გადაწყვეტილებათა მიღებას განსაზღვრულობის პირობებში, თამაშთა თეორიის მიხედვით რაციონალურ ინდივიდს გადაწყვეტილების მიღება უხდება განუსაზღვრელობის, გაურკვევლობის პირობებში. თუ ერთი ინდივიდის მოგება განაპირობებს მეორე ინდივიდის წაგებას, მაშინ ამბობენ, რომ ეს თამაში არის ნულოვანი თანხის. თამაში შეიძლეშეიძლება იყოს კოოპერატიული, როცა შესაძლებელია შეთანხმება და არაკოოპერატიული, როცა ჭარბობს ანტაგონიზმი. თამაშთა თეორიამ დაამტკიცა თავისი სარგებლიანობა ეკონომიკური ქცევის ისეთი ასპექტების ანალიზისას, როგორიცაა ბუნებრივი რესურსებისა და საზოგადოებრივი საქონლის ამოწურვა.