თანიაშვილი ბეგთაბეგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თანიაშვილი ბეგთაბეგ – (XVII ს), ბეგთაბეგ მდივანი, XVII საუკუნის II ნახევრის მწიგნობარი და კალიგრაფი. მოღვაწეობდა ქართლის მეფის გიორგი XI-ის კარზე. 1680 წელს მეფის დაკვეთით გადაწერა „ვეფხისტყაოსანი”, რომელიც მდიდრულადაა მორთული. პოემა XVII საუკუნისათვის დამახასიათებელი მხედრულით არის გადაწერილი. ნაწერი ლამაზია და გამოირჩევა დეკორაციულობით; ბეგთაბეგ თანიაშვილი ცნობილია, აგრეთვე, როგორც პოეტი. მან დაასრულა თავისი ძმის, სულხან თანიაშვილის, მიერ დაწყებული საქმიანობა, გალექსა „ამირანდარეჯანიანის“ 9 კარი. თითოეულ კარს წაუმძღვარა შესავალი. ბოლო ორ კარს კი — ბოლოსიტყვაობა, რომელშიც გადმოცემულია ტექსტის გალექსვის მოკლე ისტორია. მასვე ეკუთვნის გიორგი XI-ის ქება, რომელიც დაერთვის თავისსავე გადაწერილ „ვეფხისტყაოსანს”.