თარგმანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თარგმანი – სალიტერატურო ტერმინი, რომლითაც აღინიშნებოდა როგორც ერთი ენიდან მეორეზე გადატანა ტექსტისა (თარგმანი თანადროული გაგებით), ისე მისი კომენტირება და უბრალო ენით გადმოცემაც. იგივე ტერმინი ხელობასაც აღნიშნავდა: პიროვნებას, რომელიც ტექსტის ერთი ენიდან მეორეზე გადატანას ან კომენტირებას ეწეოდა, ეწოდებოდა თარგმანი (თანადროული ტერმინოლოგიით - მთარგმნელი) თარგმანი-კომენტარის უძველეს ნიმუშად მიიჩნევენ არქიდიაკონ სამეულის საქმიანობას, რომლის შესახებაც ცნობა შემოგვინახა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ ავტორმა: სამეული არქიდიაკონი გასაგებად გადასცემდაო ევსტათის ძველი და ახალი აღთქმის ამბებს. არსებობდა ტერმინი „უთარგმანო“, რაიც იხმარებოდა საღვთო წერილის იმ ადგილების აღსანიშნავად, რომელთაც აქსიომის მნიშვნელობა ჰქონდათ.