თა’ზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„თა’ზიე“ სცენაზე

თა’ზია“ – (სპარს. „თა’ზია“, „თა’ზიე“ – დატირება) ირანის უძველესი რელიგიური თეატრის ერთ-ერთი ფორმა, შიიტთა ტრაგიკული მისტერიის თეატრი. იგი მესამე შიიტი იმამის, ჰუსაინ ბ. ალის მოწამეობრივი სიკვდილისადმი (680 წელს ქარბალაში) მიძღვნილი თეატრალიზებული წარმოდგენაა, რომელშიც შედის სამგლოვიარო რიტუალი შაჰსეი-ვაჰსეი. ეს ტრაგედია მუჰარამის თვეში მოხდა, ამიტომ მისტერიას „მოჰარამიც“ ჰქვია. ცნობებს „თა’ზიეს“ შესახებ გვაწვდიან ყაჯარები (1795-1925), რომელთაც ხელი შეუწყვეს მის გავრცელებას. იგი ცნობილია ირანში ბუიდების შიიტური დინასტიის მმართველობის (935-1055) დროიდან, როცა მან ოფიციალური დღესასწაულის სტატუსი შეიძინა და ძალიან გავრცელდა სეფევიდების მმართველობის (1502-1736) დროს, როცა შიიზმი ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადეს.

„თა’ზიე“ სამ ნაწილად იყოფა:

  1. წარსულში ყველაზე პატივდებულ შიიტთა სახლებში, მეჩეთში, ან საგანგებოდ ამისთვის აგებულ შენობებში, მეათე დღეს კი მის წინ ან სპეციალურად შერჩეულ ადგილას როუზენხანები ან მთხრობელები ხატოვნად, არტისტულად მოუთხრობენ დამსწრეთ მუჰამედის მემკვიდრეების ტრაგიკულ ისტორიას, რასაც ბიჭუნათა სიმღერაც თან ერთვის.
  2. დასთე – პროცესია ანუ თეატრალიზებული მსვლელობა, რომლის დროსაც მუსიკის ფონზე მორწმუნენი და თვითმგვემები ქვებსა და ხანჯლებს მკერდსა და თავში, ჯაჭვებს კი მხრებსა და ზურგზე იცემენ, რაც ხშირად მათი სიკვდილით მთავრდება და მას „შაჰსეი ვაჰსეი“ ჰქვია.
  3. როუზე – ფაქტობრივად თეატრალური წარმოდგენაა, სადაც ჰუსეინის, მისი ძმის აბასისა და მათი 70. მდე თანამგზავრის მოწამეობრივი სიკვდილის (680) იმიტაცია, გათამაშება ხდება. „თა’ზიე“ ისლამური ტრადიციების პოეტური პარაფრაზაა, თუმცა იგი სათავეს იღებს უძველესი, ისლამამდელი აგრარული რწმენა-წარმოდგენებიდან, სპარსული მითოლოგიური პერსონაჟების მოკვდავი და აღდგენადი ღვთაებებისადმი მიძღვნილი გაზაფახულის დღესასწაულებიდან. „მოჰარამი“ საქართველოშიც შემოსულა და დამკვიდრებულა. იგი ახლა ტარდება ექსტაზის გარეშე და აქვს თეატრალიზებული სანახაობის იერი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები