თბილისის იუსტიციის სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის იუსტიციის სახლი

თბილისის იუსტიციის სახლი − (ინგლ. Tbilisi House of Justice) − ლითონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებისაგან აგებული ასიმეტრიული ფორმის შენობა (არქიტექტორი მასიმილიანო ფუკსასი, იტალიის რესპუბლიკა) მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რომლის საერთო ფართობი 32 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. მარტო მომსახურების დარბაზი 7 000 კვ.მ.-ია და 400 ოპერატორზეა გათვლილი. გაიხსნა 2011 წელს. შენობაში განთავსებულია სახელმწიფო მომსახურების დიდი უმრავლესობა – იმ დოკუმენტების გაცემა და მომსახურებების განხორციელება, რომელზეც მხოლოდ სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური უფლება. მომსახურების დარბაზი სამ ძირითად სფეროდ არის დაყოფილი − თვითმომსახურების, სწრაფი მომსახურებისა და ხანგრძლივი მომსახურების სივრცე. ნაგებობა გამოირჩევა მოდერნისტული სტილითა და რთული არქიტექტურული ფორმებით, რომელიც ორგანულადაა შერწყმული თბილისის ცენტრალური ნაწილის ლანდშაფტთან.

თბილისის იუსტიციის სახლი კომპოზიციით, ორიგინალური ფორმებით, სივრცობრივი თვალსაზრისით იშვიათი ნაგებობაა. არქიტექტორმა შექმნა არაორდინალური არქიტექტურა, რომელიც ყურადღებას იქცევს თავისი გარეგნობით და გარემოსთან მიმართებაში უცხო სხეულის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ის კარგად აღიქმება როგორც მტკვრის მარცხენა სანაპიროდან, ასევე ახლო მანძილიდან. გარედან შენობის არქიტექტურულ-მხატვრულ სახეს განაზღვრავენ სხვადასხვა სიმაღლის თეთრი, ოდნავ მოკეცილი ფოთლის ფორმის სახურავები (ზოგი მათ „სოკოებსაც“ უწოდებს), რომლებიც ქმნიან მრავალფენიან საფარველს შემინული საოფისე ნაგებობის თავზე. ექსტერიერზე არანაკლებ შთამბეჭდავია ინტერიერი, რომელიც მოცულობათა, სივრცეთა მრავალფეროვნებით, მათი ცვალებადობით და შუქჩრდილის თამაშით არაჩვეულებრივად მსუბუქ, გახსნილ გარემოს ქმნის (არქიტექტორი ვ. დავითაია მას თავმომწონეს, ქართულად ხელგაშლილს და მიმღებიანს უწოდებს). შვიდი ურთიერთგადამფარავი შუშის ბლოკი გარს ერტყმის ცენტრალურ დარბაზს. 35 მეტრიანი სივრცე, დამატებითი სახურავის გარეშე, გადამხური კონსტრუქციის ქვეშაა მოქცეული. შენობა შედგება პროექტის ძირითადი ბირთვის, ე.წ. „ცენტრალური საზოგადოებრივი მოედნის” გარშემო განთავსებული ოთხსართულიანი მინის ბლოკებისგან, რომლებიც სხვადასხვა ოფისებისთვისაა განკუთვნილი. ისინი ერთმანეთს შიდა ხიდებით უკავშირდებიან. შენობის მოცულობები და ცენტრალური საჯარო სივრცე გადახურულია თერთმეტი დიდი ე.წ. „ფოთლით”, რომლებიც სტრუქტურულად დამოუკიდებელია შენობის დანარჩენი ნაწილისგან. თერთმეტიდან სამი დიდი სახურავი მოიცავს ცენტრალურ სივრცეს. ზომებით და გეომეტრიული ფორმებით ისინი განსხვავებიან ერთმანეთისგან. 35 მეტრის სიმაღლის ეს სამი „ფოთოლი“ უჭირავს ზემოთ განტოტვილ რკინის ბოძების კონსტრუქციას (ფორმით ისინი ხეებს მოგვაგონებენ) და სხვა სახურავებს შენობის შიგნით და გარეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ნაგებობის შუშის ფასადები ამ, სხვადასხვა დონეზე განლაგებულ ფოთლებს შორის ისეა განთავსებული, რომ მთლიანად არიან მოცილებული სახურავის სტრუქტურას. ეს საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული დაზიანებები საფარის ნებისმიერი მოძრაობის დროს (ძირითადად თოვლის, ქარის ან თერმული გაფართოებით გამოწვეული) და რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შუშის ე.წ. „კრიზისი“.

იტალიელი არქიტექტორის მაქსიმილიანო ფუქსასის თბილისის იუსტიციის სახლი თანამედროვე საქართველოს ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს. აღსანიშნავია, რომ თბილისის იუსტიციის სახლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია − სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებულ ნომინაციაში ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამარჯვებულია.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები