თბილისის სამხედრო სკოლა
სამხედრო სკოლა - თბილისის სამხედრო სასწავლებელი შეიქმნა 1919 წლის სექტემბერში. სკოლის მიზანი იყო ქართული რეგულარული არმიისათვის მოემზადებინა უმცროსი ოფიცრები და ნაცვლები (სერჟანტები).
სკოლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორისა და პირველი მეთაურის, გენერალ კვინიტაძის ჩანაფიქრის მიხედვით, სასწავლებლიდან გამოსული ოფიცრობა უნდა გამხდარიყო ახალი ქართული არმიის ძირითადი საყრდენი, ამიტომ სამხედრო საქმის სწავლასთან ერთად სასწავლებელში დიდი ყურადღება ექცეოდა სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას. იუნკერთათვის სწავლის ხანგრძლივობა 2 წლით განისაზღვრებოდა, პირველ წელს კურსანტები გაივლიდნენ საერთო თეორიულ სამხედრო კურსს, ხოლო მეორე წელს დაიყოფოდნენ სპეციალობების მიხედვით. შტატების მიხედვით სკოლას უნდა მიეღო 180 იუნკერი, 90-90 ორი წლის განმავლობაში, აქედან 120 ქვეითი ჯარისათვის, 30 არტილერიისათვის, 10 კავალერიისათვის, ხოლო 20 საინჟინრო ნაწილების ოფიცერთა მოსამზადებლად. ნაცვალთათვის სწავლის ხანგრძლივობა 10 თვით განისაზღვრებოდა.
1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში სიის მიხედვით ირიცხებოდა 183 იუნკერი, მათი უდიდესი ნაწილი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთთან ომის დროს იუნკრები სხვა შენაერთებთან ერთად იცავდნენ თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორს. ბრძოლაში დაიღუპა ცხრა იუნკერი: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია და იოსებ ჯანდიერები; დაიჭრა 43 იუნკერი.
სამხედრო სასწავლებელს სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ: გენერალი გიორგი კვინიტაძე; გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და პოლკოვნიკი (შემდეგში პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი) ალექსანდრე ჩხეიძე.
- დიმიტრი სილაქაძე
ლიტერატურა
ალ. ჩხეიძე, სამხედრო სკოლა, ჟურ. ”მხედარი”, პარ., 1933, №13.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი