თეატრალური განათლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრალური განათლება – საფუძველი ჩაეყარა ძველ რომში (მსახიობ როსციუსის სკოლა, ძვ. წ. I ს.). აღორძინების ხანის ევროპაში მსახიობის ხელოვნებას ასწავლიდა დასის ხელმძღვანელი დრამატურგი ან მსახიობი. თეატრალური განათლების მწყობრი სისტემა შექმნეს სასკოლო თეატრის მოღვაწეებმა. მე-15-16 სს. ეს სისტემა დამკვიდრდა ევროპის ქვეყნებში. მე-18-19 სს. ევროპის მრავალ ქვეყანაში შეიქმნა თეატრალური სასწავლებლები.

საქართველოში პირველი დრამატული კურსები შეიქმნა ლ. მესხიშვილის თაოსნობით 1904 წ. ქუთაისში უსახსრობის გამო კურსები მალე დაიხურა. ამავე მიზეზით დაიხურა თბილისში მის მიერვე დაარსებული დრამატული კურსები (1912-14), სადაც პედაგოგებად მოწვეულნი იყვნენ ვ. აბაშიძე, ვ. გუნია, ვ. შალიკაშვილი, ნ. სულხანიშვილი, ს. გორგაძე. თბილისში გ. ჯაბადარმა დააარსა თეატრი-სტუდია (1918-20), სადაც სწავლობდნენ ვ. ანჯაფარიძე, ა. ვასაძე, უ. ჩხეიძე, შ. ღამბაშიძე (და სხვ.). 1922 წ. თბილისში გაიხსნა ქართული დრამატული სტუდია ა. ფაღავას ხელმძღვანელობით, რომელიც 1923 წ. გადაკეთდა სახელმწიფო სათეატრო ინსტიტუტად. აქ სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდნენ: ა. ხორავა, ვ. გოძიაშვილი, ს. თაყაიშვილი, პ. კობახიძე, ე. აფხაიძე, გ. საღარაძე, გ. კუპრაშვილი, თ. თვალიაშვილი (და სხვ.); სარეჟისორო ფაკ.: ნ. შენგელაია, ს.ჭელიძე (და სხვ.). პედაგოგებად მუშაობდნენ: კ. მარჯანიშვილი (სამხატვრო ხელმძღვანელი), მ. ქორელი, გ. ჩუბინაშვილი, ა. შანიძე, დ. უზნაძე, ალ. ნათიშვილი, ნ. შიუკაშვილი, ო. ბახუტაშვილი-შულგინა, ი. შარლემანი (და სხვ.).

1923 წ. ვ. მჭედლიშვილმა დააარსა მოსკოვის ქართული დრამატული სტუდია, რომელმაც იარსება 1926 წლამდე. 1927 წ. სტუდია დაარსდა რუსთაველის თეატრთან, რომელსაც 1935 წლამდე ხელმძღვანელობდა ა. ვასაძე, 1935-39 წწ. ა. ხორავა.

1931 წ. სტუდია გაიხსნა მარჯანიშვილის სახ. თეატრთან, 1931-35 წწ. ხელმძღვანელი იყო უ. ჩხეიძე, 1935-37 წწ. დ. ჯანელიძე, 1937-39 პ. კობახიძე. 1939 წ. ჩამოყალიბდა „სასცენო ხელოვნების უმაღლესი კურსები“ (ხელმძღვ. ა. ფაღავა) დრამის, საესტრადო და ქორეოგრაფიული განყოფილებებით.

1939 წ. რუსთაველის, მარჯანიშვილის თეატრებთან არსებული სტუდიებისა და „სასცენო ხელოვნების უმაღლესი კურსების“ ბაზაზე შეიქმნა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები