თევზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევზები – წყლის ხერხემლიანი ცხოველი.

თევზის წარმოშობისა და განვითარების მთლიანი სურათის გადმოცემა მეტად რთულია, რადგან პალეონტოლოგიური ნამარხები ძალზე მწირ საბუთებს იძლევა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით თევზები წარმოშობილან მტკნარ წყალში საინდაც ისინი თანდათანობით ზღვაში გადასულან, რაც აკადემიკოს ლ.ბერგის მიხედვით ძირითადად დევონური სისტემის შუა პერიოდში უნდა მომხდარიყო.

თევზის კლასში გაერთიანებულია წყლის ნამდვილი ხერხემლიანი ცხოველები, რომელთა რაოდენობა ოციათას სახემდეა. მათი სხეულის ტემპერატურა ცვალებადია და ფორმათა მრავალნაირობა ახასიათებს, თევზები ლაყუჩებით სუნთქავენ, ხოლო ზოგიერთი მათგანი – ჰაერის ჟანგბადითაც.

თევზების აგებულება

თევზებს აქვთ წყვილი ნესტო, გარდა მრგვალპირიანებისა. დიდ უმრავლესობას ორი წყვილი მკერდისა და მუცლის ფარფლი აქვს, ხოლო კენტი ფარფლებია ზურგის, კუდისა და ანალური. ზოგიერთ თევზს შეიძლება, რომ ამ ფარფლებიდან რომელიმე არ გააჩნდეს, მაგალითად, მთვარა თევზს მუცლისა და კუდის ფარფლები არა აქვს. ფარფლები განსხვავებული ფორმისაა და სხვადასხვაგვარ ფუნქციას ასრულებს, უმთავრესად კი მოძრაობის ფუნქციას.

თევზის კანი მდიდარია ლორწოს გამომყოფი უჯრედებით. ზოგ მათგანს კანში შხამიანი ჯირკვლებიც უვითარდება (ზღვის დრაკონს, სკორპენას და სხვ.). კანის შემაერთებელ ქსოვილოვან შრეში პიგმენტებია გაბნეული. ზოგ თევზს პიგმენტაციის სწრაფად ცვლის უნარი აქვს. ზოგი თევზის კანი დაფარულია ქერცლებით, ზოგი კი შიშველია (ლოქო, გველთევზა), ქერცლები პლაკოიდური და ძვლოვანი ტიპისაა. ფორმის მიხედვით ქერცლები იშვიათად შეიძლება ეკლების, ქიცვებისმაგვარი და სხვანაირიც იყოს. თევზის ზრდასთან ერთად ქერცლიც იზრდება, ამის მიხედვით კი თევზის ასაკის განსაზღვრა შეიძლება.

უმდაბლესი თევზების ჩონჩხი ხრტილოვანია, ხოლო უმაღლესის – ძვლოვანი, რომელიც აქა·იქ ხრტილსაც შეიცავს. შინაგანი ჩონჩხის საფუძველია ქორდა, რომელიც მეტ-ნაკლებად გამოძევებულია ხერხემლის მალებით.


თევზის ნერვული სისტემა სხვადასხვა ჯგუფებში განსხვავებულ დონეზე დგას. ხრტილოვანი თევზების თავის ტვინი შედარებით დიდი ზომისაა და შეიცავს ხუთ განყოფილებას: წინა ტვინი, შუამდებარე ტვინი, შუა ტვინი, ნათხემი და მოგრძო ტვინი, რომელიც ზურგის ტვინს უერთდება. ძვლოვანი თევზების თავის. ტვინი მცირე ზომისაა და უფრო მარტივია, ვიდრე ხრტილოვანი თევზებისა. თავის ტვინიდან გამოდის ათი წყვილი ნერვი. შეხების, გრძნობის ორგანოებს წარმოადგენს კანში გაბნეული ნერვული უჯრედები, რომლებიც უფრო მეტად თავზეა თავმოყრილი. კანის გრძნობის ორგანოა გვერდითი ხაზი (Linlalaterales), რომლის საშუალებით თევზი შეიცნობს ტალღების ცემას და მას მღვრიე წყალში ორიენტაციის უნარს ანიჭებს.

გემოვნების ორგანოებად თვლიან მიკროსკოპული ზომის კვირტებს, რომლებიც პირის სიღრუის ლორწოვან გარსშია მოთავსებული.

ყნოსვის ორგანოა წყვილი ცხვირის სიღრუე; იგი შედგება წყვილი ყრუ პარკისაგან და გარეთ ნესტოებით იხსნება. ცხვირის შიგნითა ზედაპირი აღჭურვილია დანაოჭებული გარსით, რომელსაც ყნოსვის ნერვი უკავშირდება.

სმენის ორგანო შედგება შიგნითა ყურისაგან, ანუ ლაბორინთისაგან, ენდოლიმფაში სხვადასხვა ზომის ოტოლითებია. თევზის ყური ნაკლებადაა განვითარებული და უმთავრესად წონასწორობის ორგანოს ფუნქციას ასრულებს.

თევზების თვალები მარტივი აგებულებისაა. იგი მომრგვალებული და ქუთუთოებს მოკლებულია, გარდა ზოგიერთი ზვიგენისა, რომელსაც სახამხამებელი აპკი აქვს. ზღვის დიდ სიღრმეებში გავრცელებულ თევზებს უმთავრესად ტელესკოპური თვალი აქვთ, ხოლო ზოგ მათგანს თვალები არ გააჩნია. მღვიმეებში მობინადრე თევზებსაც მხედველობის ორგანოები არა აქვს. თევზი ახლომხედველია. ფიქრობენ, რომ ისინი ფერებსაც კარგად არჩევენ.

თევზების სუნთქვის ორგანოებია შინაგანი ლაყუჩები, რომლებიც მოთავსებულია ლაყუჩის რკალებისა და ენისქვეშა რკალზე. ლაყუჩთა რკალების ამოზნექილ მხარეზე ლაყუჩის ფურცლებია. ლაყუჩებს შორის ლაყუჩის ხვრელებია. ლაყუჩის რკალებზე შიგნიდან განლაგებულია ლაყუჩის ჩხირები, რომელთა რიცხვს (პირველ რკალზე) და ფორმას თევზის რკვევისათვის დიდი სისტემატიკური მნიშვნელობა აქვს. თევზები წყალში გახსნილი ჟანგბადით სუნთქავენ, ხოლო ზოგიერთი მათგანი, ორგვარად მსუნთქავი, ჰაერის ჟანგბადითაც სუნთქავს და საცურავი ბუშტი ამ შემთხვევაში ფილტვების როლს ასრულებს.

თევზების სისხლის მიმოქცევის სისტემა შედგება არტერიებისა და ვენებისაგან; გული – წინაგულისა და პარკუჭისაგან. წინაგულს დართული აქვს ვენური სინუსი, ანუ უბე. ხრტილოვან თევზებს პარკუჭის წინ არტერიული კონუსი აქვთ. თეეზებს სისხლის მიმოქცევის ერთი წრე აქვთ. სისხლი წითელი ფერისაა.

მომნელებელი სისტემა იწყება პირის ხვრელით, რომელიც ხახაში გადადის, ზოგიერთ მათგანს მოეპოვებათ კბილები. თევზებს არა აქვთ კუნთოვანი ენა და სანერწყვე ჯირკვლები.

საცურავი ბუშტი სხვადასხვა ფორმისაა იგი წარმოადგენს ჰიდროსტატულ აპარატს. ზოგ თევზს (ხრტილოვანები, კამბალები, ზღვის ფინიები და სხვ.) საცურავი ბუშტი სრულიად არ გააჩნია.

თევზები ფიტოფაგები, ზოოფაგები და პოლიფაგებია. მათი ლიფსიტები პლანკტონით იკვებებიან. ზოგიერთი თევზი: სკაროსი, კამბალა, ზუთხი და სხვა კი – ბენთოსით.

თევზის გამომყოფი ორგანოები წყვილი თასმისებური ფორმის თირკმლებია, რომელთაგანაც თითო მხარეზე თითო შარდსაწვეთი გამოდის და შარდის ბუშტს ერთვის.

გამრავლება

თევზების უმრავლესობა განსხვავებულ სქესიანია, მხოლოდ ზღვის ქორჭილა ჰერმაფროდიტია. თევზებს თითო წყვილი ჯირკვალი აქვთ, რომლებიდანაც თითო თესლსავალი გამოდის. იგი შარდ- სასქესო სინუსში იხსნება.

თევზების უმრავლესობას წყვილი საკვერცხე აქვს. კვერცხები გამოიყოფა ორგანიზმის გარეთ, ზოგიერთს კეერცხები სხეულის სიღრმეში გამოეყოფა და მუცლის ფორებით გარეთ გამოდის.

საკოპულაციო ორგანო თევზების უმრავლესობას არა აქვს, გარდა ხრტილოვანი თევზებისა, რომელთა მამლებისათვის მუცლის ფარფლების წაგრძელებული ნაწილი საკოპულაციო ორგანოს წარმოადგენს. თევზების უმრავლესობა კვერცხებს ყრის, ზოგიერთი მათგანი: ზვიგენები, სკაროსები, გამბუზიები და სხვ. ცოცხალ ლარვებსა და ლიფსიტებს შობს.

წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები