თეთრთვალა ყვინთია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრთვალა ყვინთია

თეთრთვალა ყვინთია (ლათ. Aythia nyroca Güldenstaedt, 1769) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. საშუალო სიდიდის იხვია, ფრთა 170-195 მმ-ია, ნისკარტი – 35-45 მმ, წონა – 450-600 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის განსხვავებაა შეფერილობაშიც. მამლის თავი, კისერი, მკერდი და გვერდები მუქი მოყავისფრო-ქარცია, ნიკაპი და მუცლის დიდი ნაწილი – თეთრი. სხეულის დორსალური მხარე, რგოლი კისრის ქვემო ნაწილში და ფრთების ზემო მფარავები მუქი მურაა. მხრებზე მოქარცისფრო სიჭრელეა, ხოლო ფრთებზე – თეთრი „სარკე“, რომელიც უკანიდან მუქი არშიითაა გამოყოფილი. კუდის ქვემო მფარავებიც თეთრია. დედლის შეფერილობაში მურა ელფერი უფრო მუქია. მუცლის მხარეს მოყავისფრო-ქარცი შეფერილობა თანდათანობით თეთრში გადადის. კისრის ირგვლივ მურა ფერის რგოლი არ არის. დორსალური მხარის ბუმბულებს ღია ფერის არშიები აქვთ. მხრებზე ღია ფერის სიჭრელე არაა. ნისკარტი ორივე სქესის ფრინველს შავი აქვს, ხოლო ფეხები–მუქი რუხი.

სარჩევი

 [დამალვა

გავრცელება

ბუდობს ევროპის სამხრეთ ნახევარში, თუმცა აღწევს გერმანიის ჩრდილოეთამდე, ვორონეჟამდე და ულიანოვსკამდე. დასავლეთით მიდის საფრანგეთის შუა და ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილებამდე. ბუდობს მაროკოსა და ალჟირშიც, აგრეთვე მცირე აზიაში, ერაყში, ავღანეთში, სინცძიანში, ქაშმირში, სამხრეთ ტიბეტში, შუა აზიაში, ყაზახეთსა და დასავლეთ ციმბირში. ზამთარს ატარებს ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, შავი და კასპიის ზღვების ნაპირებზე, მესოპოტამიაში, სეისტანში და ინდოეთში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი (ჯავახეთში) და მოზამთრე ფრინველი.

ბიოტოპი

ღრმა ტბები, უხვად განვითარებული წყლის მცენარეულობით, ლელქაშიანი ნაპირებით, უმთავრესად დაბლობებში, აგრეთვე სამხრეთის მდინარეთა ფართო ჭალებში. მთებში მოიპოვება სემირეჩიეს, სამხრეთი ტიბეტისა და ქაშმირის წყალსატევებზე.

გამრავლება

ბუდობისათვის აუცილებელია წყალსატევების ლელქაშიანი ნაპირები. ბუდეს ჩვეულებრივად აკეთებს ლელის, ჩალისა და სხვა მცენარეთა მცურავ გროვაზე. აპრილის მეორე ნახევარში, ზოგან მაისში, დებს 7-12 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 27 დღეს გრძელდება.

კვება

თეთრთვალა ყვინთიას ძირითად საკვებს შეადგენენ წყლის მცენარეთა ფოთლები, ყლორტები, ფესურები და თესლები. იკვებება ნაირგვარი წყლის მწერებით, მოლუსკებით და სხვა უხერხემლოებითაც.

მნიშვნელობა

ამუ-დარიასა და ბალხაშზე მნიშვნელოვანი სარეწაო ობიექტია. სხვაგან აქვს სპორტული ნადირობის მნიშვნელობა.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები