თეთრშუბლა ბატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრშუბლა ბატი

თეთრშუბლა ბატი (ლათ. Anser albifrons Scopoli, 1762) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 380-455 მმ-ია, ნისკარტი 40-55 მმ, წონა – 2-3,2 კგ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. საერთო შეფერილობა რუხია, მხოლოდ მუცლის მხარეს აქვს შავი ლაქები. შუბლზე აქვს 15-26 მმ სიგანის თეთრი ლაქა, რომლის მოსაზღვრედ მუქი ბუმბულებია. თავის დანარჩენი ნაწილი, კისერი, ბეჭები და ბეჭებს შორის არე, აგრეთვე მკერდის გვერდები მოწაბლისფრო-რუხია, ბუმბულების წვეროებში ნათელი ფერის არშიებით. ზურგი და წელი მუქი რუხია. მკერდი და მუცელი – ღია რუხი, უწესრიგო მსხვილი და მეჩხერი ან წვრილი და მრავალრიცხოვანი შავი ლაქებით. მომქნევები მურა-შავია, თეთრი ღეპეპებით. საჭის ბუმბულები მურა-შავია, თეთრი არშიებით. ნისკარტი ორფეროვანია: ნესტოებთან მოვარდისფრო-ხორცისფერია, ხოლო ქედის გასწვრივ ყვითელი. ფეხები მონაცრისფრო-ყვითელია. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4 წლის ასაკში. მანამდე რამდენიმეჯერ იცვლის შეფერილობას. პირველ წელს შუბლზე თეთრი ნიშანი არა აქვს, პირიქით, იგი უფრო მუქიცაა. არ ემჩნევა შავი ლაქები მუცელზეც.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური თეთრშუბლა ბატი – A. a. albifrons Scopoli, 1762.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთ ზოლს, გრენლანდიას, ისლანდიას. ევრაზიაში – ყინულოვანი ოკეანის კუნძულებს და ტუნდრის ზონას თეთრი ზღვიდან ჩუკოტკამდე. ზამთრობს მექსიკამდე და ვესტინდოეთამდე, სამხრეთ ევროპაში, შუა აზიაში, ინდოეთში, ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის დროს. ირანში მოზამთრე ეგზემპლარები საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდებიან მარტის მეორე ნახევარში, ხოლო უკან ბრუნდებიან ოქტომბერში.

ბიოტოპი

ტბებითა და მდინარეებით მდიდარი ბუჩქნარიანი ტუნდრა, სადაც ბუდობისათვის ირჩევს შემაღლებულ, მშრალ ნაპირებს. ზამთარში მოიპოვება ველებში, მინდვრებსა და ზღვების სანაპიროებზე.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ტუნდრაში (ბუდობის ადგილებში) გამოჩნდება ივნისში და დაწყვილდებიან. ბუდეს აწყობს მიწაზე შემაღლებულ ადგილას, კოლბოხებზე, მდიდარი ბალახნარებით. დებს 3-7 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 26-28 დღემდე გრძელდება.

კვება

ძირითადი საკვებია ბალახოვან მცენარეთა ნაზი, მწვანე ნაწილები. გადაფრენის დროს კულტურულ ლანდშაფტში იკვებება მარცვლოვანების აღმონაცენით. საკვებში შედის აგრეთვე მცენარეთა დაცვენილი თესლები.

მნიშვნელობა

ერთ-ერთი რიცხვმრავალი სახეობაა ბატებს შორის და აქვს სანადირო, ზოგან სარეწაო მნიშვნელობა.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები