თეთრშუბლა იხვი
თეთრშუბლა იხვი (ლათ. Anas penelope Linnaeus, 1758) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. საშუალო სიდიდის იხვია, ფრთა 230-270 მმ-ია, ნისკარტი – 30-38 მმ, წონა – 570-1000 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესობრივი დიმორფიზმი გამოხატულია შეფერილობაშიც. მამალს ზაფხულში თავი და კისერი მოჟანგისფრო-ყავისფერი აქვს, წვრილი შავი წინწკლებით. გამრავლების პერიოდში შუბლი და თავი ზემოდან მოყვითალო-თეთრია, მოთეთრო განივი ზოლებით და მურა-ქარცი არშიებით, ზურგი და კუდის ზემო მფარავები რუხი-მურაა, ღია ფერის არშიებითა და განივი ზოლებით. გამრავლების დროს კუდის ზედა შუა მფარავები თეთრია, ხოლო გვერდები – შავი. ჩიჩახვი მოწაბლისფრო-ქარცია, მუქი განივი ზოლებით. მკერდის ქვემო ნაწილი და მუცელი თეთრია. პირველი რიგის მომქნევები მორუხო-მურაა. მეორე რიგის მომქნევებს წვეროებში ვიწრო თეთრი ზოლები აქვთ, მათ შორის პირველი ორი მომქნევის გარეთა მარაოები ძირითად ნაწილში მწვანეა, მეტალური ელვარებით, ხოლო დისტალურ ნაწილში – შავი. ისინი ფრთაზე ქმნიან „სარკეს“. ნისკარტი გალოზე მოკლეა და წვეროში ოდნავ ვიწროვდება, ფერად კი რუხია, მუქი „ფრჩხილაკით“. დედალი უფრო მკრთალია. ზურგის მხარეს მურაა, თავზე – უფრო მუქი, ხოლო ზურგის ბუმბულებს აქვთ მოქარცისფრო კიდეები. ფრთაზე ელვარე მწვანე „სარკე“ ნაკლებადაა გამოხატული ან სრულიად არაა.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ევრაზიას − ისლანდიიდან და სკანდინავიიდან ანადირამდე, კამჩატკამდე, სახალინამდე და ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთამდე. სსრ კავშირის ტერიტორიაზე სამხრეთით ვრცელდება კალინინგრადის, ფსკოვის, სმოლენსკის, მოსკოვის ოლქებამდე, ურალის შუა დინებამდე, ჩრდილოეთ ყაზახეთში, ბაიკალსა და სახალინზე. იზოლირებული ბუდობები არის მცირე კავკასიონის ტბებზე. ზამთრობს ევროპისა და აზიის სამხრეთ რაიონებში, მათ შორის კასპიის ზღვის სანაპიროებზე, აგრეთვე ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბუდობის პერიოდში ეტანება წყალმცენარეებით მდიდარ ტბებს, რომელთა ნაპირები აქა-იქ თავისუფალია მცენარეული საფარისაგან. ველის ზონაში სახლდება მლაშე წყალსატევებზეც. თავს არიდებს მთებსა და ხშირი ტყის ნაპირებიან წყალსატევებს.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე, პატარა ტბისა თუ მდინარის ნაპირებზე, მცენარეულ საფარში. მაისის მეორე ნახევარში დებს ჩვეულებრივად 9 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 24-25 დღემდე გრძელდება.
კვება
მეტწილად მცენარეულობით იკვებება. ჭამს როგორც მწვანე ნაწილებს, ისე ფესურებს. თესლებსა და ცხოველურ საკვებს ნაკლები მნიშვნელობა აქვთ, თუმცა ზოგიერთ სეზონში მათაც საკმაოდ მრავლად ჭამს.
მნიშვნელობა
სარეწაო მნიშვნელობის იხვია. განსაკუთრებით მრავლად მოიპოვებენ ზამთრობის ადგილებში.