თეილერიოზი
თეილერიოზი (theileriosis; theiler + ბერძნ. osis დაავადება) – შინაური და ზოგიერთი გარეული მცოხნელი ცხოველების ტრანსმისიული დაავადება, რომლის აღმძვრელებია Theileria-ს გვარის უმარტივესები.
თეილეროზი უპირატესად სამხრეთის ქვეყნებშია გავრცელებული და ხშირად ვლინდება სხვა ჰემოსპორიდიოზულ დაავადებებთან ერთად.
მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის თეილერიოზის აღმძვრელია ოთხი სახეობა. მათგან განსაკუთრებით ვირულენტურია – Theileria annulata და Th.sergenti, რომელთა გადამტანებია, შესაბამისად, Hyalomma-სა და Haemaphysalis-ის გვარების ტკიპები.
სიმპტომები: ლიმფური კვანძების გადიდება, სხეულის ტემპერატურის მატება, გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მოშლა, წინაკუჭების ატონია, ანემია და ლორწოვანი გარსების სიყვითლე.
ორი სახეობა – Th.orientalis და Th.mutans დაბალი ვირულენტობით ხასიათდება. მათ მიერ გამოწვეული თეილერიოზი სუსტი ფორმით მიმდინარეობს და კლინიკურად ნაკლებად არის გამოხატული.
ცხვრისა და თხის თეილერიოზის აღმძვრელია – Th.ovis.