თემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თემა – (ბერძ. საფუძველი, მთავარი აზრი), ზოგადი გამოხატულება (სახელწოდება) მხატვრულ ნაწარმოებში ასახული სინამდვილის ან სინამდვილით აღძრული გრძნობებისა, განწყობილებებისა, სულიერი მდგომარეობისა. წარმოადგენს ნაწარმოების პირველად კომპონენტს, შემოქმედების პროცესის პირველ გამოხატულებას, რომლის კონკრეტირება (გარკვეული სიუჟეტისა და პერსონაჟების ან გრძნობების, სულიერი მდგომარეობის სახით ობიექტირება) ძირითადად განპირობებულია მწერლის შემოქმედების მეთოდისა და იდეური პოზიციის ერთობლიობით. პირველი განსაზღვრავს მხატვრული ასახვის, საკუთრივ მხატვრულ-შემოქმედებით კრედოს, ხოლო მეორე თვით ასახულის შეფასებას, არსის გახსნას ამ საფუძველზე გარკვეულ როლს თამამობს აგრეთვე მწერლის შემოქმედებითი ინდივიდუალობა.

თემა ზოგჯერ ემთხვევა იდეას, მაგ. ზოგ პატრიოტულ-ლირიკულ ნაწარმოებში თემა და იდეა არსებითად ერთი და იგივეა.

დრამატულ და თხრობით ჟანრებში ნაწარმოების მთავარ (ძირითად) თემასთან ერთად მოცემული გვაქვს დაქვემდებარებული თემებიც –შინაგანი თემატური მოტივებიც, რომლებიც მთავარი თემიდან გამომდინარეობს ამა თუ იმ სახით.

მხატვრულ ნაწარმოებთა თემატიკა იცვლება საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ერთად: ყოველი ეპოქის ლიტერატურა, მიმდინარეობა თუ მწერალი ასახავს სოციალური სინამდვილის იმ მხარეს, რომლის მიმართ გამახვილებულია საერთო საზოგადოებრივი ინტერესი.

ცხადია, ამ კანონს ემორჩილება ისტორიული თემატიკის გამოვლინებაც, ე. ი. ისიც, თუ როდის აღიძვრება ინტერესი ისტორიული წარსულის მხატვრული წარმოსახვისადმი და საკუთრივ ისტორიის რომელი მხარე იქცევა ამ ინტერესის საგნად. მაგალითად, ქართული კრიტიკული რეალიზმის საფუძველს შეადგენდა ეროვნული და დემოკრატიული თემატიკა, რაც ნაკარნახევი იყო ჩვენი ხალხის იმდროინდელი მეტად მძიმე ეროვნულ-საზოგადოებრივი ვითარებით. ისტორიული წარსულიც აქ მხოლოდ იმდენად ვლინდება, რამდენადაც იგი ეხმაურება აღნიშნულ ეროვნულ-საზოგადოებრივ ვითარებას.

თემატიკის აღნიშნული სოციალური საფუძვლის გამო, ყოველი დროის ლიტერატურის წამყვან თემატიკას თანამედროვე ცხოვრება წარმოადგენს.

იმ თემებს, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმაურებიან და გამოხატავენ თანამედროვეობის მნიშვნელოვან და არსებით საკითხებს, აქტუალური თემები ეწოდება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები