თვარაძე ზაზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თვარაძე ზაზა –(1957 – 2007), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა თბილისში, მწერლის და საზოგადო მოღვაწის, რევაზ თვარაძის ოჯახში. 1979 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ „ბალავერის“ მთავარი რედაქტორი და ჟურნალ „არილის“ პროზის განყოფილების რედაქტორი. მწერალთა გაერთიანება „არილის“ და „პენ-ცენტრის“ წევრი. სიცოცხლეშივე გამოსცა ორი პოეტური და ორი პროზაული კრებული. რომანი „სიტყვები“ პირველად დაიბეჭდა 1994 წელს ჟურნალ „ცისკარში”. 2009 წელს ზაზა თვარაძის წიგნს „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“ მიენიჭა ლიტერატურული პრემია „გალა“ (სიკვდილის შემდეგ).
- * * *
- ცარიელია ღამე და დღე და
- საღამო, დილა და ყველა წამი,
- და ყოველ საგანს, რომელსაც ვხედავ
- ედება ჩუმი სიკვდილის ნამი,
- და შხამი შიშის, და თრთვილი წასვლის,
- და სიცოცხლიდან დაძრული აზრი,
- რომ ყველა იმედს სიბნელე წაშლის
- და კაპიკია სიცოცხლის ფასი,
- რომ ყველა გრძნობა, არსებობს რაც კი,
- არარსებობის მემკვიდრე არის,
- ქვეყნად მყოფნიც კი ერთმანეთს ავცდით
- და უკვე სადღაც მიგვრეკავს ქარი,
- არის სინათლე, მაგრამ სინათლეც
- დაბადებითვე არაფერს მალავს,
- ცარიელია ღამე და დღე, და
- თვით სინამდვილეს აკლია ძალა.
- მაგრამ შემხედავს დაცინვით ვინმე:
- მაშ, ასე მწყობრად რატომღა როშავ?
- ეს არის მხოლოდ უაზრო ჰიმნი,
- და ნარცისების კეკლუცი დროშა.