თიკუნი
თიკუნი
1. (ვიწრო მნიშვნელობით) ხალხური ტერმინი, რომელიც გამოიყენება საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მთიანეთში, განსაკუთრებით –ხევსურეთში, როგორც მრავალსახელიანობის შემადგენელი ნაწილი (ნათლობის, ხატის, სულის სახელებთან ერთად). აღნიშნავს არა ყოველგვარ მეტსახელს, არამედ მხოლოდ ოჯახში შემოსული (ძირითადად ახალმოყვანილი) რძლის მიერ ქმრისა და მისი ნათესავებისათვის შერქმეულ სახელს. ამდენად, თიკუნის შემოქმედად ქალი ივარაუდება. თიკუნის წარმოქმნა დაკავშირებულია სახელის ტაბუირებასთან, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ადამიანის სახელისა და სულის იგივეობის რწმენას. აკრძალული სახელები არ იხმარებოდა არც მიმართვებში, არც II პირში მოხსენიებისას. საერთოდ, ისინი ამოღებული იყო ხმარებიდან. მათი ხსენება მხოლოდ სიბერეში ხდებოდა შესაძლებელი, ისიც არა უშუალოდ მიმართვისას. თიკუნის წარმოშობა უკავშირდება ოჯახური სამართლის კანონებს. ლიტერატურაში მოიხსენიება ამგვარი თიკუნები: მარწყვო, თეთრო (ქალის სახელები, შერქმეული სახის კანის ფერის მიხედვით; შდრ. მაყვალა) და სხვ.
2. (ფართო მნიშვნელობით), ქართული ონომასტიკური ტერმინი, რომელსაც იყენებს ზოგი ქართველი ენათმეცნიერი ყოველგვარი მეტსახელის აღსანიშნავად – იმის მიუხედავად, თუ ვის შეარქვეს, ან ვინ შეარქვა ესა თუ ის სახელი.
შ. აფრიდონიძე
ლიტერატურა
- მაკალათია ს. ხევსურეთი, ტფ. 1935;
- თედორაძე გ. ხუთი წელი ფშაე-ხევსურეთში, II, თბ. 1939;
- ხარაძე რ. თიკუნი (ხელნაწერი), 1940;
- ღლონტი ა. ქართველური საკუთარი სახელები, თბ., 1986;