თოლენჯი
თოლენჯი – დიდი სოფელია ერწოში თიანეთის მუნიციპალიტეტში სიმონიანთხევის თემში. მდებარეობს ერწოს ქვაბულის ჩრდილოეთ ნაწილში თიანეთიდან 29 კილომეტრში.
ტოპონიმის წარმოშობის თაობაზე არაერთ მკვლევარს გამოუთქვამს ვარაუდი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე ერთადერთი, მეცნიერულად სწორი და სანდო პასუხი არ მოგვეპოვება. არსებობს თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ტოპონიმი თოლენჯი თურმე თურქული დილენჯი-საგან („მათხოვარი“), გვქონია მიღებული. ამ თვალსაზრისს აშკარად აკლია დამაჯერებლობა; სულ რომ არაფერი, თოლენჯი ქართულ საისტორიო წყაროებში თოლეჯი-ს სახით X საუკუნიდან არის ცნობილი: „თოლეჯს შედგომაჲ დრამაჲ გ, ქრთილი კაბიწი ა, ქალამანი ა.
კ. ჰანის ვარაუდით თოლენჯი წარმომდგარი ყოფილა სიტყვა კოლინჯი-საგან, რომელიც თურმე კუს ნიშნავს. „черепашье ущельие“, სიტყვა კოლინჯის ამგვარი გაგება („კუ“) ქართული ენის დიალექტებში თითქოს არ დასტურდება. იგი ძირითადად ცნობილია, როგორც ნაწლავის დაავადების ერთი სახეობა ან მუწუკი, აგრეთვე პატარა, უშნო და მახინჯი ადამიანი. საიდან აიღო კ. ჰანმა კოლინჯის ზემოაღნიშნული განმარტება, ჩვენთვის გაურკვეველია.
როგორც ვთქვით, ტოპონიმი თოლენჯი უნაროდ (თოლეჯი) უძველეს წყაროებშია წარმოდგენილი. XVI-XVII საუკუნეების დროინდელ ქართულ ეკონომიკურ საბუთებში იგი საკმაოდ იცვლის ფორმას (თორეჯნი). ადგილობრივ მკვიდრთა შორის ამჟამად თოლენჯის პარალელურად თვალენჯი დასტურდება (ძირითადად ფშაურ მოსახლეობაში): „წინავ არ იყო შკოლა, მასწავლებლებიც არ იყვნენ თვალენჯშია.“ ასევე: „გემდური, ერწოს მინდორო, თვალენჯის არემარეო“.
თოლენჯი, ჩვენი ვარაუდით, ანთროპონიმული წარმოშობის ტოპონიმია. ამოსავალი ჩანს საკუთარი სახელი დოლენჯი|თოლენჯი|თვალაჯა. ყველა ეს ფორმა წერილობითაა დადასტურებული როგორც საისტორიო წყაროებში, ისე ქართულ ხალხურ პოეზიასა და მხატვრულ პროზაში. XVII-XVIII საუკ. ქართულ ეკონომიკურ საბუთებში გვხვდება საკუთარი სახელისაგან (დოლენჯი) გაფორმებული გვარი დოლენჯაური (დოლენჯიანი) და დოლენჯიშვილი.”
თოლენჯი ისევე ჩანს მიღებული თოლენჯიშვილ|დოლენჯიშვილი-საგან, როგორც ამავე არეალის მეორე ფშაური ტოპონიმი ჩეკური) ჩეკურიშვილისაგან. საკუთარი სახელი დოლენჯი|თოლენჯი ნ.კეცხოველის მიერ თოლუნჯი-ს სახით არის გააზრებული.