თორი (საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე)
თორი − საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. თორი ზემო ქართლში (მესხეთში) შედიოდა, რომელიც ძირითადად ბორჯომის რაიონს მოიცავს. თორს სამხრეთიდან ჯავახეთი ესაზღვრება, დასავლეთით - სამცხე, აღმოსავლეთით - თრიალეთი, ჩრდილო– აღმოსავლეთით - შიდა ქართლი.
შუაფეოდალურ ხანაში თორი იყო ცალკე სადროშო, რომელსაც სათავეში თორელების ფეოდალური საგვარეულო ედგა. ამ დროს თორი ჯავახეთსა და სამცხის ნაწილსაც მოიცავდა. XVI ს-ში თორი ოსმალებმა დაიპყრეს. XVII-XVIII სს. თორი ქართლის სამეფომ დაიბრუნა, მაგრამ აქ ადგილობრივი მოსახლეობა ან ამოწყდა, ან სხვაგან გადასახლდა.
თორი ხელახლა მოშენდა XIX ს-ის 30-იანი წლებიდან ძირითადად ზემო იმერეთიდან გადმოსახლებული მოსახლეობის მიერ. აქვე დაბრუნდა შიდა ქართლში გადასახლებული რამდენიმე გვარიც. ტყით მდიდარი თორიდან XIX ს-ში ხე-ტყე გაჰქონდათ ძირითადად ტივების საშუალებით. თორელები მისდევდნენ მესაქონლეობას, მეცხვარეობას, მეღორეობას. თორის საზაფხულო საძოვრებს შიდა ქართლის მოსახლეობაც იყენებდა. თორელებს მოყავდათ ხორბალი და ქერი. „მთიან ნასოფლარებში ნაპოვნი ჭურები კი მიგვანიშნებენ დაბლობიდან ღვინის ამოტანასა, ან ტკბილის ადგილობრივ დაღვინებაზე“ (დ. ბერძენიშვილი, 1987, გვ. 5). თორელები ხდიდნენ სელის ზეთსაც.
თორში არაერთი ქართული ქრისტიანული ძეგლია, რომელთაგანაც აღსანიშნავია ტიმოთესუბნის მონასტერი, სადგერისა და დაბის ეკლესიები. აქვეა არაერთი ციხე და ნაციხარი.