თოფურიძე თენგიზ
თოფურიძე თენგიზ − (1970), პოეტი, მთარგმნელი, საჯარო მოხელე. დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, შემდეგ – თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი. მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ სახელისუფლებო სტრუქტურებში წამყვან თანამდებობებზე. პირველი ლექსები ადრეულ ბავშვობაში გამოაქვეყნა. სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურულ გაზეთ „ცაის” რედაქტორი, გაზეთ „სპორტული ქუთაისის” რედაქტორის მოადგილე, საბავშვო ლექსების კრებულ „ლილე”-ს თანაავტორი. მისი ლექსები, ნოველები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდება ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი პოეზიისა და თარგმანების კრებული 2007 წელს გამოიცა. ლექსები შესულია ანთოლოგიაში „1980-90-იანი წლების ქართველი პოეტები” (2010). გამოცემული აქვს თარგმანები: ჩინური პოეზიის მცირე ანთოლოგია - „ჩინური პეიზაჟური ლირიკა” (1998), ლუ სინის რჩეული თხზულებების კრებული „მოწოდება” (2001).
- ჩემს შვილს − გიორგის
- გადაიღეღავ
- ვარსკვლავებით შეკრულ საღილეს,
- დახვალ სინათლით,
- მამასავით ზურგზე ხალებით...
- მე მაპატიე,
- ვერ შევნიშნე ზრუნვით დაღლილმა,
- როგორ გაზრდილხარ,
- ჩვენი ეზოს ნეკერჩხალივით.
- ვერ მოვიცალე,
- ვერ მოგხვიე მხრებზე ხელები,
- აწ კი არ ვიცი,
- იქნებ, ვეღარც შემოგაწვდინო!
- განმეშორები,
- პირს იბრუნებ სახეტიალოდ,
- მერე წუხილი
- ჩვენს სახლშიაც შემოაწვიმებს.
- დაგელოდები,
- დავიყენებ ხარს და დეკეულს,
- ყურძენს დავწურავ,
- სანადიმოდ მოვემზადები...
- კედელს შერჩება შენი წლები
- ფანქრის ხაზებით,
- და ყრუ ტკივილი
- მოუცლელი მამის სიშორის.
- ბავშვურ სახეზე
- დაგთამაშებს დედის სინაზე,
- ნასახსოვრები
- ქალდეველთა შუბლი უზადო,
- უმანკოების
- დარაბები გადაირაზე,
- ანგელოზები
- ჩაისახლე სამარადჟამოდ.