თოჯინების სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„თოჯინების სახლი” − ნორვეგიელი დრამატურგის ჰენრიკ იბსენის პიესა.

სიყვარულის უძლურება თავისუფლებისკენ სწრაფვის წინაშე - ეს იდეა აქვს გატარებული იბსენს „თოჯინების სახლიში“. პიესის მთავარი გმირი ნორა ქმარს და ოჯახს იმიტომ კი არ ტოვებს, რომ სხვა შეუყვარდა, არამედ იმიტომ, რომ მის ღირსებას შეეხნენ, არ დააფასეს მისი თავგანწირვა, არ გაუწიეს ანგარიში მის გრძნობებს. ანუ იბსენი თავისუფალ სიყვარულს კი არ უმღერის, არამედ სიყვარულისგან განთავისუფლებას, პიროვნული თავისუფლების სასარგებლოდ. სიყვარულის გრძნობა უსუსურია, როცა ადამიანში თავისუფალი ნება იღვიძებს, სწორედ ამაზეა ეს დრამა და სწორედ ამიტომ არ კარგავს აქტუალობას დღესაც.

პიესის შინაარსი:

მოქმედება იბსენის თანამედროვე ნორვეგიაში ხდება. ადვოკატ ტორვალდ ჰელმერისა და მისი მეუღლის, ნორას მყუდრო და იაფად მოწყობილი ბინა.

ჰელმერი კაბინეტში განმარტოვდება, ხოლო სასტუმრო ოთახში შემოდის ნორას ძველი მეგობარი ფრუ ლინდე, რომელიც ახლახან ჩამოსულა მოგზაურობიდან. ქალებს დიდი ხანია არ უნახავთ ერთმანეთი - თითქმის რვა წელია, ამ ხნის განმავლობაში მეგობარმა მოასწრო ქმრის დაკრძალვა, რომელთან ქორწინებაშიც შვილები არ ჰყოლია. ნორას ამბებით დაინტერესებული მეგობარი კითხულობს - ისევ ისე უდარდელად ცხოვრობს? რაზეც ნორა გულწრფელ პასუხს აძლევს და თავის თავგადასავალს უყვება. ჰელმერს ჯანმრთელობა შეერყა და ექიმებმა სამხრეთული ჰავა ურჩიეს წამლად, ამიტომ ერთი წელი იტალიაში მოუწიათ ცხოვრება, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ნორამ ქმარი მოატყუა და ფული მამას კი არ გამოართვა, არამედ ხელწერილის ქვეშ ისესხა ბანკიდან, ამაში კი ჰელმერის თანამშრომელი დაეხმარა.

ტორვალდ ჰელმერი რწმუნებულ კროგსტადს სამსახურიდან ათავისუფლებს. არ უყვარს შერყვნილი რეპუტაციის ხალხი. თავის დროზე კროგსტადმა (ჰელმერი მასთან ერთად სწავლობდა) - ფულად დოკუმენტზე ხელმოწერა გააყალბა. მართალია, სასამართლოს გადაურჩა და რთული სიტუაციიდან თავი დაიძვრინა, მაგრამ ეს ხომ კიდევ უფრო უარესია! დაუსჯელი მანკიერება ირგვლივ გადაგვარების თესლს თესავს. ასეთ კაცს, როგორიც კროგსტადია, ბავშვების გაჩენაც უნდა აეკრძალოს - ასეთი აღმზრდელის ხელში ხომ მხოლოდ დამნაშავე თუ გაიზრდება. ჰელმერი ასე სწორხაზოვნად აზროვნებს, მისთვის დადგენილი ნორმებიდან გადახვევა კატასტროფის ტოლფასია.

მაგრამ გაყალბება, როგორც ირკვევა, ნორამაც ჩაიდინა. სესხის ხელწერილში, რომელიც კროგსტადს დაუდო (სწორედ მან მისცა იტალიისთვის ფული), მან გააყალბა თავდებად დამდგარი მამის ხელმოწერა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა, ამ დროისათვის მამამისი მომაკვდავი იყო და ხელს როგორღა მოაწერდა დოკუმენტს. მეტიც, დოკუმენტი დათარიღებულია რიცხვით, როდესაც მამა უკვე გარდაცვლილი გახლდათ. სამსახურიდან გაგდებული კროგსტადი სთხოვს ნორას, რომ სიტყვა შეაწიოს, ბანკში მშვენიერი რეკომენდაცია ჰქონდა, მაგრამ ახალი დირექტორის მოსვლამ ყველა მისი გეგმა არია. ჰელმერს სურს დაითხოვოს არა მხოლოდ ბნელი წარსულისთვის, არამედ ფამილარობისთვისაც (ძველი ნაცნობობის გამო ერთიორჯერ „შენობით“ მიმართა). ნორა თხოვს კროგსტადის სახელით, მაგრამ ჰელმერი შეუვალია, მაშინ კროგსტადი შანტაჟზე მიდის და ნორას მხილებით ემუქრება: ჰელმერს მოუყვება, საიდან გაჩნდა იტალიაში გასამგზავრებელი ფული. და მართლაც უგზავნის ჰელმერს პირდაპირი მუქარის შემცველ წერილს - თუკი ნორას მიერ ხელწერილის გაყალბება ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის, მისი ქმარი ბანკის დირექტორის პოსტს ვერ შეინარჩუნებს. ნორა აქეთ-იქით აწყდება გამოსავლის ძიებაში. ჯერ ოჯახის მეგობარს, ექიმ რანკს ეპირფერება. ექიმს საიდუმლოდ უყვარს, მაგრამ სასიკვდილოდაა განწირული, - შთამომავლობითი სიფილისი აქვს. რანკი ნორასთვის ყველაფერზე წამსვლელია და ფულსაც მისცემდა, მაგრამ ექიმ რანკის ისტორია ტრაგიკულად მთავრდება - ცოლ-ქმარი ჰელმერები მისგან ფოსტით შავჯვრიან ბარათს მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმი განმარტოვდა და აღარავის აღარ იღებს: ის კვდება მარტოობაში, მაგრამ მის დამახინჯებულ დატანჯულ სახეს ვერავინ ნახავს. რაღა უნდა ქნას ნორამ? სირცხვილი და მხილება აშინებს, უკეთესია, თავი მოიკლას! მაგრამ დაუნდობელი კროგსტადი აფრთხილებს: თვითმკვლელობას აზრი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში თქვენს ხსოვნას შეურაცხვყოფო.

დახმარება მოულოდნელი მხრიდან - ნორას მეგობარი ფრუ ლინდესგან მოდის. გადამწყვეტ მომენტში იგი კროგსტადთან თავის ურთიერთობას გაარკვევს: წარსულში მათ სიყვარული აკავშირებდათ, მაგრამ ფრუ ლინდე სხვას გაჰყვა: სარჩენი ჰყავდა მოხუცი დედა და ორი უმცროსი ძმა, ხოლო კროგსტადის ფინანსური მდგომარეობა არამყარი იყო. ახლა ფრუ ლინდე თავისუფალია: დედა და ქმარი მოუკვდა, ძმები უკვე ფეხზე წამოდგნენ - იგი მზადაა, გაჰყვეს კროგსტადს, თუკი მას კიდევ სჭირდება. კროგსტადი გახარებულია, მისი ცხოვრება ეწყობა, ბოლოს და ბოლოს პოულობს სიყვარულსაც და ერთგულ ადამიანსაც და უარს ამბობს შანტაჟზე; მაგრამ უკვე გვიანაა - მისი წერილი ჰელმერის საფოსტო ყუთშია, რომლის გასაღებიც მხოლოდ მას აქვს. რა გაეწყობა, დაე ნორამ გაიგოს, სინამდვილეში რას წარმოადგენს მისი ჰელმერი თავისი ფარისევლური მორალით და ცრურწმენებით! - გადაწყვეტს კროგსტადი.

მართლაც, წერილს რომ წაიკითხავს, ჰელმერი ისტერიკაში ვარდება და მას მართალი კაცის მრისხანება მოიცავს. როგორ? მისი მეუღლე - მისი ჩიტუნია, მისი ტოროლა, მისი თოჯინა - დამნაშავეა? და ეს მის გამოა! ჰელმერი ნორას ბავშვებს ვერ გააფუჭებინებს! ამიერიდან მათზე მეურვეობა ძიძას დაეკისრება საზოგადოებაში ბედნიერი ოჯახის სახე რომ შეინარჩუნონ, ჰელმერი ნორას სახლში დარჩენის უფლებას აძლევს, მაგრამ ამიერიდან ცალ-ცალკე იცხოვრებენ!

ამ მომენტში შიკრიკს მოაქვს კროგსტადის წერილი, რომელშიც ის უარს ამბობს თავის მოთხოვნებზე და სესხის ხელწერილს უბრუნებს ნორას. ჰელმერის განწყობა მყისიერად იცვლება. გადარჩნენ! ყველაფერი ძველებურად იქნება, უკეთესადაც კი! მაგრამ აქ, მოულოდნელად, ნორა დაუპირისპირდება მას.სახლიდან მიდის! მიდის სამუდამოდ! ჯერ მამა, შემდეგ ჰელმერი მას ექცეოდნენ, როგორც ლამაზ თოჯინას, რომლის მოფერება სასიამოვნოა. ეს ადრეც ესმოდა, მაგრამ ჰელმერი უყვარდა და პატიობდა. ახლა სხვა საქმეა - მას სასწაულის იმედი ჰქონდა - რომ ჰელმერი, როგორც მოყვარული ქმარი, მის დანაშაულს საკუთარ თავზე აიღებდა. ახლა ჰელმერი აღარ უყვარს, როგორც ადრე ჰელმერს არ უყვარდა - მას უბრალოდ იზიდავდა შეყვარებული ყოფილიყო. ისინი ერთმანეთისთვის უცხონი არიან. და ძველებურად ცხოვრება ნიშნავს გარყვნილებას, საკუთარი თავის გაყიდვას კეთილმოწყობისა და ფულისთვის. ნორა კარს გაიჯახუნებს და ეს კარის გაჯახუნება მთელი იმდროინდელი ევროპისთვის სილის გაწნა აღმოჩნდება. ნორა პირველი ქალი პერსონაჟია, რომელმაც ფარისევლობას და ამორალურობას კარი მიუჯახუნა. ნორა გმირია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

კომედიის წაკითხვის შემდეგ ერთი კითხვა ჩნდება:დასაშვებია ნორას არსებობა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ლიტერატურაში? რა თქმა უნდა - არა! გულისმიერის გონისმიერისგან ასეთი უარყოფა მხოლოდ სკანდინავიელებს შეუძლიათ, ეს წმინდა წყლის ნორვეგიული გაგებაა არსებობისა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები