თრანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თრანი – სოფელია ერწოში მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ღულელების თემში.მდებარეობს ერწოს ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, მდინარე თრანულის მარცხენა ნაპირზე თიანეთიდან 30 კმ-ში

სახელწოდების წარმოშობა უცნობია. მართალია, ადგილობრივი მოსახლეობა მას უკავშირებს სიტყვას „მთვრალი“, – აქაურ ხალხს ძალიან უყვარდა სმა და თრობა, ხატში და სხვა საკრებულო ადგილას სულ მთვრალები დადენილანო, მაგრამ ამგვარი განმარტების ხელოვნურობა და ნაძალადეობა აშკარაა. ნ.კეცხოველი ამ სოფელს რატომღაც თრინი-ს სახით მოიხსენიებს, მაგრამ გვგონია, რომ ეს ბეჭდვის შეცდომა უნდა იყოს.

ძველ ქართულ ეკონომიკურ საბუთებში, კერძოდ, ერწოს საკათალიკოზო გამოსაღების ნუსხაში, რომელიც X ს-ის ძეგლად ითვლება, დღევანდელი ფორმა თრანი იკითხება. გამოთქმულია ვარაუდი თრანისა და თილთუბნის იგივეობის თაობაზე (გრ. ზარდალიშვილი), თუმცა იგი სამართლიანად არის უარყოფილი.

ვფიქრობთ, რომ ერწოს რეგიონის ეს სოფელი, ისევე როგორც სხვა აქაურ სოფელთა უმრავლესობა, ანთროპონიმული წარმოშობისა უნდა იყოს. ამოსავალი ჩანს ეპონიმი თარა (შდრ. კახური გვარი თარაშვილი). მაშასადამე ისტორიულად სოფლის სახელად თარა-ან-ი უნდა გვქონოდა, საიდანაც შემდგომ თრ-ან-ი მიგვიღია. უთუოდ ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ ქიზიყში, სოფ. ზემო მაჩხაანის ერთ-ერთ უბანს თარაანთ უბანი | თარაან-ი ეწოდება.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები