თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა

თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია (1849–1932) — პროზაიკოსი მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. მიხეილ თუმანიშვილის ასული.

სწავლობდა კერძო პანსიონში, შემდეგ — ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში (1857-65). ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, რუსულ ენებს. გატაცებული იყო სპენსერისა და ესკიროსის პედაგოგიური იდეებით. ბავშვთა აღზრდის საკითხების გასაცნობად იმოგზაურა შვეიცარიასა და საფრანგეთში (1876). მრავალმხრივ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი იყო. 1884 წ. ს. ხელთუბანში დააარსა დაწყებითი სკოლა, მოაწყო ობოლთა თავშესაფარი. ამავე წელს ჩამოაყალიბა „მასწავლებელი და აღმზრდელ ქალთა საურთიერთო დახმარების საზოგადოება“, რომელიც დიდ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა (აწყობდა სახალხო ლექციებს, მართავდა საქველმოქმედო საღამოებს), გახსნა სახალხო ბიბლიოთეკა, მეუღლესთან — გ. წერეთელთან ერთად გამოსცა „კვალი“ (1893). მისი ინიციატივითვე დაარსდა ჟურნალი „ჯეჯილი“ (1890), ქალთა საზოგადოება „განათლება“ (1908), გამოიცა ქალთა ალმანახის რამდენიმე ნომერი (1925).

XIX ს. 70-იან წლებიდან ა. თუმანიშვილის ორიგინალური თუ თარგმნილი მოთხრობები და წერილები იბეჭდებოდა „დროებაში“, „ივერიაში“, „ერში“, „ჯეჯილში“, „კვალში“. მისი საბავშვო მოთხრობების ძირითადი მიზანია ბავშვის ბუნების გახსნა („რამ ათქმევინა ტყუილი“, „როგორ ვილხინეთ“, „ბებია მართა უმურაბოდ დარჩა“) და უმამო, ხელმოკლე ოჯახის ცხოვრების ჩვენება („მეშვიდეს აღარ ერგო“, „თინა ტყვედ“). განსაკუთრებით აღსანიშნავია 1881-84 წწ. ხალხის ცხოვრებაზე დაწერილი მოთხრობები „ნუცა“, „ინსტიტუტკას დღიური“, „სოფელი ხელთუბანი“. მისი მოთხრობები გამოიცა კრებულებად („თაიგული“ - 1921, „კონა“ - 1923, „ყვავილი“ - 1926).

ა. თუმანიშვილმა თარგმნა ა. დოდეს „მარშლის გულმტკივნეულობა“ (1876), ვ. სკოტის „ირლანდიელი ქვრივი“ (1879), დ. დეფოს „რობინზონ კრუზო“, მ. ტვენის „უფლისწული და მათხოვარი“, ლებიშის კომედიები: „თვალთმაქცობა“, „ჯერ თავო და თავო და მერე ცოლო და შვილო“, აგრეთვე ფრანგული და რუსული მოთხრობები, რომლებიც გამოიცა პატარა კრებულების სახით („მოლაღური“ - 1887, „ხუთი ამბავი“ - 1888, „ხატაური“- 1881.).


ლიტერატურა

  • ს. ცაიშვილი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, წიგნში: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, - კრ. II, 1955 [[1]];
  • ა. ღვინიაშვილი, ქართული საბავშვო ლიტერატურის მოამაგენი, 1959 [[2]].

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები