თურმანაული ომარ
თურმანაული ომარ − (1959 − 2019), პოეტი, პროზაიკოსი, ფრანგულად და ფრანგულიდან მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ხილიანში (დუშეთი). 1990 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი, ფრანგული ენის სპეციალობით. მისი პირველი პოეტური კრებული – „დღე-ღამის დედა“ – დაიბეჭდა 1984 წელს. ავტორია პოეტური კრებულებისა: „ცოდვები და გვირილები“ (1991) და „რა“ (1994). თარგმნიდა ფრანგულ პოეზიას. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში, იქიდან დაბრუნების შემდეგ გამოსცა ომის დღიურები „აფხაზეთი... ჯარისკაცის ჩანაწერები“ (1993). ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში, სტრასბურგში. წერს პროზას ფრანგულ ენაზე. 1998 წელს გამოვიდა მისი რომანი: „ქვრივი, მერცხალი და ნათელმხილველი“. ქართულად თარგმნის ფრანგულ პოეზიას, ხოლო ფრანგულად კი ქართულ პროზას. ფრანგულ ენაზე უკვე დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი ბესიკ ხარანაულის რომანი „წიგნი ამბა ბესარიონისა“.
- * * *
- როგორ მჯობნიან ჩემი ლექსები!..
- ჩემზე სუფთანი არიან და ჩემზე წმინდანნი;
- ჩემზე დიდნი და ამაღლებულნი;
- თუ უყვართ ჩემზე მეტად უყვართ,
- თუ წუხან, ჩემზე მეტად წუხან,
- ფიქრითაც ჩემზე უკეთ ფიქრობენ
- და ჩემზე უფრო ჭკვიანურად
- ამბობენ სათქმელს...
- მერე მიდიან,
- როგორც მოხუც მშობელს, მტოვებენ
- არც ერთმა მე არ მიერთგულა,
- ჩემი დაუმთავრებელი,
- ხეიბარი ლექსების გარდა...
- მაგრამ ისინიც,
- ჩემგან თვითონ საპატრონონი,
- უკვე გარეთ, სხვის გულებისკენ იყურებიან,
- სხვას უღიმიან, სხვას შესტირიან...
- არც ერთმა მე არ მიერთგულა,
- ვერც ერთმა სრულად ვერ გამიგო
- გულისტკივილი.