იალოვიცი ქენეთ სპენსერ
ქენეთ სპენსერ იალოვიცი – (დ. 1941), ამერიკელი დიპლომატი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში.
დაამთავრა ვისკონსინის უნივერსიტეტი. კოლუმბიის უნივერსიტეტში მიენიჭა ხელოვნებისა და ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხები და რუსული ინსტიტუტის დიპლომი. 1966-დან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამსახურში. წარგზავნილი იყო მოსკოვში ორჯერ. საბოლოოდ ეკავა უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკონომიკის საკითხებში, მსახურობდა ჰააგაში და აშშ-ის წარმომადგენლობაში ნატოში. აშშ-ში მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტის ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის განყოფილებების დირექტორად, დირექტორის მოადგილედ ეკონომიკის დარგში საბჭოთა კავშირის საქმეთა განყოფილებაში. ასევე იყო კონგრესის საგარეო საქმეთა სპეციალისტი. 1991-97 იყო აშშ-ის ელჩი რესპუბლიკა ბელორუსში. ფლობს რუსულ და ფრანგულ ენებს. მიღებული აქვს ჯილდოები „წარჩინებული სამსახურისთვის“ 1989 და 1992, ასევე ინდივიდუალური და ჯგუფური უმაღლესი საპატიო ჯილდოები. ამჟამად ხელმძღვანელობს უმაღლეს სემინარს – საგარეო სამსახურის ინსტიტუტის ცნობილ მოსამზადებელ პროგრამას აშშ-ის მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალური პირებისათვის. 1998—2001 წლებში – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში.