იაფეტური თეორია
იაფეტური თეორია – ნიკო მარის მიერ 1923–34 წლებში შექმნილი საენათმეცნიერო თეორია (ე. წ. ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება) ერთიანი გლოტოგონიური პროცესების (ენის წარმოშობისა და განვითარების) შესახებ.
თავდაპირველად ტერმინი „იაფეტიდოლოგია" იაფეტური ენების კვლევა-ძიებას გულისხმობდა, მაგრამ შემდეგ იგი მსოფლიო ენათა შემსწავლელი სამეცნიერო დისციპლინის სახელწოდებად იქცა. შესაბამისად, იაფეტიდოლოგიის კვლევის ობიექტი პალეოგლოტოგონია გახდა. ამით ის განსხვავდება ინდოევროპეისტიკისაგან, რომელიც იაფეტიდოლოგიის თვალსაზრისით ენათა ნეოგლოტოგონიურ პერიოდს შეისწავლის. კვლევის ობიექტთა ამგვარი სხვაობა საფუძვლად დაედო იაფეტიდოლოგიისა და ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების მეთოდებს შორის პრინციპულ განსხვავებას. ამის გაუთვალისწინებლობა ყოველთვის ქმნიდა სერიოზულ ვაკუუმს იაფეტური თეორიის ირგვლივ.
იაფეტური თეორია ორ ძირითად პოსტულატს ემყარება: 1. ყველაფერი სტადიებისა და 2. ყველაფერი შრეების, ფენების მიხედვით. პირველი პოსტულატი გულისხმობს, რომ ენის განვითარების ყოველ საფეხურზე ადამიანის აზროვნება რამდენჯერმე ძირფესვიანად შეიცვალა, აზროვნების ერთი სტადია ცვლიდა მეორეს. ყოველი სტადიის შიგნით ცვლილებები ევოლუციურად მიმდინარეობდა, ახალ სტადიაზე გადასვლა კი ხდებოდა რევოლუციურად, ძველი აზროვნების ნორმების მსხვრევით და ახალ ნორმებზე გადასვლით. სტადიური ძვრები იმდენად ძლიერი იყო, რომ ახალი თაობები ძველთან შედარებით სხვა სამყაროდან მოსულს ჰგავდნენ. თუკი აზროვნება ამ ძვრებში ვერავითარ კვალს ვერ ტოვებდა, ენა აღმოჩნდა ის ფენომენი, რომელიც ამ ცვლილებათა კვალს შრეების სახით ინარჩუნებდა. სწორედ მათი საშუალებით შეიძლება აზროვნების სტადიური განვითარების საფეხურების ამოცნობაც. ბუნებრივია, რომ აზროვნების პარალელურად იცვლებოდა ენაც, მაგრამ, აზროვნებისაგან განსხვავებით, ენა ახალ საფეხურზე გადასვლისას, აზროვნების ახალ სისტემაზე მორგებისას და ახალ წესზე თავისი ელემენტების გადახარისხებისას ინარჩუნებდა ძველი მდგომარეობის ელემენტებს – დანალექებს, დანაშრევებს. სწორედ ამ დანაშრევების საშუალებით შეიძლება გავიგოთ, თუ როგორი იყო ენა და აზროვნება სტადიური განვითარების წინა საფეხურზე. ამდენად, ენობრივი მოვლენების ანალიზი ნიშნავს სიტყვის მნიშვნელობათა გათვალისწინებას სტადიების მიხედვით (და არა მხოლოდ ერთი სიბრტყიდან გამომდინარე, ჰორიზონტალურად).
ნ. მარის მეორე პოსტულატი გულისხმობს, რომ საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურებზე კოლექტივები ორგანიზებული იყო არა მათი წევრების სისხლისმიერი ნათესაობით, არამედ იმ წარმოების ხასიათის მიხედვით, რომელსაც ისინი ეწეოდნენ. კოლექტივები ვითარდებოდნენ საწარმოო პრინციპის მიხედვით, ერთიანდებოდნენ ისე, რომ ქმნიდნენ ფენებს ერთ ახალ წარმოებაში. შემდეგ ეს ფენები გადაიქცეოდნენ უფრო დიდ დაჯგუფებებად („საწარმოო-სოციალურ დაჯგუფებებად“).
თანამედროვე ენების ანალიზისას მათში აღმოჩნდება იმდენი ფენა (შრე, დანალექი) რამდენი კოლექტივიც იღებდა მონაწილეობას მათ შექმნაში. ნასესხობები გვიანდელი, ნეოგლოტოგონიური პერიოდის ფაქტები ან გვიან ჩამოყალიბებული ენათშორისი კანონზომიერებებია, რომლებიც წინა სტადიათა კანონზომიერებებისაგან ძირფესვიანად განსხვავდება.
იაფეტიდოლოგიას უშუალოდ უკავშირდება პალეონტოლოგიური მეთოდი, პალეოფონეტიკა, პალეოსემანტიკა, რომლებიც მარისეული ზოგადი თეორიის კონტექსტში უნდა იქნეს გააზრებული.
მარის თეორია თავის დროზე გააკრიტიკეს როგორც ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების, ისე, საერთოდ, ზოგადენათმეცნიერების თვალსაზრისით. განსაკუთრებით გამკაცრდა კრიტიკა 1950-იდან და მიზნად დაისახა მარიზმის დაძლევა და ტრადიციული ლინგვისტიკის პრინციპების დაცვა. ამ საკითხებს მიეძღვნა სპეციალური დისკუსია გაზეთ „პრავდის" ფურცლებზე (1950). დისკუსია გაიხსნა არნ. ჩიქობავას სტატიით. მასში მონაწილეობა მიიღო ი. სტალინმაც.
დისკუსიის შემდეგ ამ მიმართულებით კვლევა პრაქტიკულად შეწვდა, მაგრამ დისკუსიას სხვა შედეგიც მოჰყვა: გარკვეული დროით შეფერხდა ენისა და აზროვნების, ენათა ტიპოლოგიის, პალეოლინგვისტიკის, სოციოლინგვისტიკის პრობლემათა კვლევა, რომლითაც თანამედროვე ენათმეცნიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
მ. ბაბუხადია
ლიტერატურა
- Абаев В. И., Н. Я. Марр (1864–1934), «Вопросы языкознания», 1960, №1;
- Вопросы теории и истории языка в свете трудов И. В. Сталина по языкознанию, М., 1952;
- Гухман М. М., Типологические исследования, «Теоретические проблемы советского языкознания», М., 1968;
- Марр Н. Я., Избранные работы, т. I–V М.–Л., 1933–37;
- Мещанинов И. И., Введение в яфетидологию, Л., 1929;
- მისივე Члены предложения и части речи, М.–Л., 1945;
- Поливанов Е.Д., Избр. работы. Статьи по общему языкознанию, М., 1968.