იბერიულ-კავკასიური ენები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იბერიულ-კავკასიური ენებიკავკასიაში კომპაქტურად დასახლებულ ხალხთა ენების ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც მონათესავე იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს ქმნის. მასში ოთხ ჯგუფს გამოყოფენ:

1. იბერიული (ანუ ქართველური) ჯგუფიქართული, ზანური (კოლხური), ანუ მეგრულ-ჭანური (მეგრულ-ლაზური) და სვანური;
2. აფხაზურ-ადიღური (ანუ აფხაზურ-ჩერქეზული) ჯგუფი – აფხაზური, აბაზური, ადიღეური, ყაბარდოული და უბიხური;
3. ნახური ანუ ჩაჩნური ჯგუფი – ჩაჩნური, ინგუშური და წოვა-თუშური (ანუ ბაცბური);
4. დაღესტნური ჯგუფი

ა) ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფი – ხუნძური, ანდიური, ბოთლიხური, ღოდობერიული, კარატაული, ჭამალალური, ტინდიური, ბაგვალალური, ახვახური, დიდოური, ჰინუხური, ხვარშიული, კაპუჭური (ანუ ბეჟიტური), ჰუნსიბური;
ბ) ლაკურ-დარგუული ქვეჯგუფი – ლაკური, დარგუული;
გ) ლესგიური ქვეჯგუფი – ლესგიური, თაბასარანული, აღულური, წახური, მუხადური (რუთულური), უდიური, ბუდუხური, კრიწული, ხინალუღური, არჩიბული.

ყველა ეს ენა (სულ 47), გარდა უბიხურისა, გავრცელებულია კავკასიის მიწა-წყალზე, ხოლო უბიხები 1864 სოჭი-ადლერის მიდამოებიდან მთლიანად გადაასახლეს თურქეთში. დღეს მათი ენა გაქრობის გზაზეა.

ენათა ამ ოჯახის აღსანიშნავად სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელწოდება გამოიყენებოდა – პალეოკავკასიური, იაფეტური, ალაროდიული, ქართულ-შარომატიული. ამჟამად კი ძირითადად ორი ტერმინია დამკვიდრებული – იბერიულ-კავკასიური ენები და კავკასიური ენები. პირველს ის უპირატესობა აქვს, რომ იგი გარკვევით შემოსაზღვრავს იმ წრეს ენებისას, რომლებიც არ არიან მხოლოდ კავკასიაში გავრცელებული – ინდოევროპულ (სომხური, ოსური, თალიშური, ქურთული), თურქულ (აზერბაიჯანული, ყუმუხური, ყარაჩაული, ბალყარული, ნოღაური) და სემიტურ (ასურული) ენებს. ამდენად, ტერმინი „იბერიულ-კავკასიური ენები“ საშუალებას იძლევა ენათმეცნიერული ცნება „კავკასიური ენები“ გაიმიჯნოს გეოგრაფიული ცნებისაგან „კავკასიის ენები“. ყველა ეს ენობრივი ჯგუფი, გარდა ქართველურისა, ერთიანდება ტერმინით მთის იბერიულ-კავკასიური ენები, ან უფრო მოკლე ფორმით – მთის კავკასიური ენები. მისი სინონიმია ჩრდილოკავკასიური ენები, რომელსაც უპირისპირდება ქართველური ენების აღმნიშვნელი – სამხრულ კავკასიური ენები.

იბერიულ-კავკასიური ენები, წარმოდგენილია 12 სამწერლობო და 25 უმწერლობო ენით. დამწერლობის მქონე ენები: ქართული, აფხაზური, აბაზური, ადიღეური, ყაბარდოული, ჩაჩნური, ინგუშური, ხუნძური, ლაკური, დარგუული, ლეზგიური, თაბასარანული. ამ ენათაგან უძველესი დამწერლობა აქვს მხოლოდ ქართულ ენას, ხოლო დანარჩენი ახალდამწერლობიანი ენებია, რომელთა უმრავლესობის დამწერლობა (ანბანები) XX ს.20-იან წლებში შეიქმნა ჯერ ლათინური გრაფიკის საფუძველზე, ხოლო შემდეგ (1938-იდან) ლათინური რუსული გრაფიკით შეიცვალა; უფრო ადრე კი XIX ს. II ნახ-ში, რუსული გრაფიკის საფუძველზე და ცალკეული ქართული ასოებისა და დიაკრიტიკული ნიშნების დამატებით რუსმა ენათმეცნიერმა პ. უსლარმა (1816–1875) დაამუშავა აფხაზური, ჩაჩნური, ხუნძური, ლაკური, დარგუული, ლეზგიური და თაბასარანული ენების ანბანები. იყო ცალკეული ცდები მთის კავკასიური ენებისათვის გამოეყენებინათ არაბული დამწერლობა, მაგრამ უშედეგოდ. დაღესტნურ ენათა ახალი ანბანების შექმნის პროცესი დღესაც გრძელდება. სულ რამდენიმე წელია (1990-იდან), რაც დამუშავდა ანბანები აღულური, რუთულური და წახური ენებისათვის. სინას მთაზე ახალაღმოჩენილი ალბანური ტექსტი საფუძველს იძლევა ძველი ალბანური ენა დაუკავშირდეს ლეზგიური ქვეჯგუფის ენებს, კერძოდ უდიურ ენას, მაგრამ ეს დამწერლობა VIII ს-იდან გაქრა და კავკასიურ, კერძოდ, ლეზგიურ ენათა თანამედროვე დამწერლობები ახალშექმნილ ანბანებს ემყარება.

იბერიულ-კავკასიურ ენებს ბევრი რამ აქვთ საერთო როგორც ფონეტიკასა და მორფოლოგიაში, ისე სინტაქსსა და ლექსიკაში, მაგრამ მნიშვნელოვანია სხვაობაც. ამიტომაც ამ ენათა გენეტიკური ნათესაობის პრობლემა დღესაც დისკუსიის საგანია. დგას იბერიულ-კავკასიურ ენათა გარე ნათესაობის საკითხიც სხვა ენებთან.

გ. თოფურია

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები